დავით ასათიანი - სახალხო დამცველობის რამდენიმე კანდიდატის შეფასებისგან თავი შევიკავე, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ jobs.ge-ზე გამოცხადებულ ვაკანსიას ავსებდნენ 
დავით ასათიანი - სახალხო დამცველობის რამდენიმე კანდიდატის შეფასებისგან თავი შევიკავე, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ jobs.ge-ზე გამოცხადებულ ვაკანსიას ავსებდნენ 

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. შედეგები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. როგორც ცნობილია, კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს.

როგორც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, დავით ასათიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კანდიდატები პროფესიული კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების კუთხით შეაფასა. მისივე თქმით, რამდენიმე კანდიდატის შეფასებისგან თავი შეიკავა.

„კრიტერიუმები იყო კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, პროფესიული კვალიფიკაცია და გამოცდილება. ოთხივე მნიშვნელოვანია ისეთი პოზიციისთვის, როგორიც არის სახალხო დამცველი საქართველოში. პირადად მე ყველა შევაფასე პროფესიული კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების კუთხით.

რაც შეეხება დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, კეთილსინდისიერებას, პოლიტიკურად აქტიური პირების შეფასებისაგან თავი შევიკავე. იმ პირების, რომელთაც საერთოდ არ ვიცნობდი და არანაირი შეხება, პროფესიული გადაკვეთა არ მქონდა და მათი კეთილსინდისიერების თუ მიუკერძოებლობის თაობაზე არაინფორმირებული ვიყავი. დანარჩენები ბუნებრივია, შევაფასე. იყო რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც თავიდანვე არაკვალიფიციურ კანდიდატებად მივიჩნიე, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რეალურად, მათ წარმოდგენა ჰქონდათ, რომ jobs.ge-ზე გამოცხადებულ ვაკანსიას ავსებდნენ. ასეთი მცირე იყო და მათი შეფასებისაგან თავი შევიკავე.

მიმაჩნია, პროცესი გამჭვირვაალობისთვის კარგია. ჩემი აზრით, პარლამენტარებს, პოლიტიკოსებს დაეხმარებათ, რომ ინფორმაცია მიიღონ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების, თითოეული კანდიდატის შესაძლებლობებზე. რა თქმა უნდა, ეს რეკომენდაციის ხასიათისაა და მათ შეუძლიათ, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

ომბუდსმენობის კანდიდატების დასახელების ვადა პარლამენტის ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს 21 ოქტომბრამდე ექნებათ. სახალხო დამცველობის კანდიდატთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ უნდა იყოს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.