მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას თუ ექნება ულტიმატუმი, რომ, თავიანთი რჩეულის გარდა, სახალხო დამცველის სხვა კანდიდატურას არც განიხილავენ, ნიშნავს, რომ ისინი მოლაპარაკებაში არ მონაწილეობენ
მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციას თუ ექნება ულტიმატუმი, რომ, თავიანთი რჩეულის გარდა, სახალხო დამცველის სხვა კანდიდატურას არც განიხილავენ, ნიშნავს, რომ ისინი მოლაპარაკებაში არ მონაწილეობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს მომავალში გაიმართოს.

სარჯველაძის თქმით, იმედი აქვს, რომ საერთო გადაწყვეტილების მიღება მოხერხდება.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ არ ისაუბროს ულტიმატუმით, რომ, თავიანთი რჩეულის გარდა, სხვა კანდიდატურას არ განიხილავენ.

„სახალხო დამცველის საკითხზე შესაძლოა, ერთიანი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართოს, შესაძლოა, დღესაც გაიმართოს. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების რესურსს, მაინც იმედიანად ვარ განწყობილი, რომ რეალურად ეს მოხერხდება. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევანი მრავალფეროვანია, ოპოზიციის ყველა წევრის მხრიდან, ვინც კონსულტაციებშია ჩართული, მცირედი კონსტრუქციულობა თუ იქნება, რეალურად ეს გადაწყვეტილება მიღწევადია. კონსტრუქციულობაში კი ვგულისხმობ ერთადერთს, რომ ულტიმატუმით არ იყოს წარმოდგენილი ოპოზიციის დიდი ნაწილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მათ ექნებათ ულტიმატუმი, რომ ისინი, თავიანთი რჩეულის გარდა, სხვა კანდიდატურას არც განიხილავენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი მოლაპარაკებაში არ მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ შეხვედრას ესწრებიან თუ არა. თუ იქნება დამოკიდებულება, რომ ყველანი მზად ვართ, იდეალურზე თუ არა, მეტ-ნაკლებად მისაღებ კანდიდატზე მაინც შევთანხმდეთ, ეს საუკეთესო კანდიდატის არჩევის შესაძლებლობამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.