ხატია დეკანოიძე - ამ ეტაპზე სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა, ვერცერთი კანდიდატის გარშემო საერთო კონსენსუსი ვერ შედგა
ხატია დეკანოიძე - ამ ეტაპზე სახალხო დამცველის კანდიდატურაზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა, ვერცერთი კანდიდატის გარშემო საერთო კონსენსუსი ვერ შედგა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეთანხმება კვლავ არ არის მიღწეული.

როგორც ხატია დეკანოიძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველობის ორი კანდიდატი შესთავაზა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მათი მხარდაჭერა გამორიცხა და ოპოზიციას ხუთი კანდიდატი წარუდგინა.

ხატია დეკანოიძის განმარტებით, ოპოზიცია აღნიშნული ხუთი კანდიდატიდან არცერთს მხარს არ უჭერს.

„შეთანხმების ირგვლივ მძიმედ წავიდა საუბარი. ძალიან კონკრეტულად რომ ვთქვა, შეთანხმება არ არის, არ არსებობს. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი ორი კანდიდატი. იცით, რომ ჩვენ ვუჭერთ მხარს აბაშიძე-ბურჯანაძეს. მათ გამორიცხეს ამ ორი კანდიდატისთვის ხმის მიცემა და შემოგვთავაზეს ხუთი კანდიდატი იმ დარჩენილი სიიდან, რომელიც განხილული იყო, ადამიანები, რომლებმაც გაიარეს კონკურსი და გასაუბრება. ჩვენი მხრიდან რეალურად იყო დაფიქსირებული პოზიცია, რომ ამ ხუთი კანდიდატიდან არცერთ კანდიდატს არ ვემხრობით და ვემხრობით იმ შეთავაზებას, რომელიც თავიდანვე, ივლისში იყო გაცხადებული. ამ ეტაპზე შემიძლია, გითხრათ, რომ ერთ საერთო კანდიდატზე ან თუნდაც ორზე, ვინც მოაგროვებს საკმარის ხმებს, ჩვენი მხრიდან და არც უმრავლესობის მხრიდან პოზიცია შეცვლილი არ არის. მე არ მიმაჩნია, რომ იაგო არის ის კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ რაღაც შეთანხმების ფარგლებში განიხილავს. ჩვენი მხრიდან ორი კანდიდატი არის დაკონკრეტებული. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მათ კანდიდატები არ ჰყავთ, მაგრამ გვთავაზობს იმ სიიდან ხუთ ადამიანს, რომლებიც კენჭისყრაზე გამოვლენ. ამიტომ ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მარტივი. ჩვენ ამ ადამიანებიდან არ დავუჭერთ მხარს არცერთ კანდიდატს, ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ წარვადგინეთ, ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა. ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. არ მგონია, ხუთი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს ხმა. არ მგონია, იაგოს გარშემო უმრავლესობას ჰქონდეს პოზიტიური პოზიცია. ჩვენი მხრიდან იყო მზაობა კონსენსუსის და ამ მძიმე ვითარებაში, მოშიმშილე ადამიანები არიან ფრაქციაში, შევხვდით და გავიარეთ, რადგან მართლა არის მზაობა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მაგრამ ამ ეტაპზე საერთო კონსენსუსი ვერცერთი კანდიდატის გარშემო ვერ გამოინახა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, პროფესიული თვისებებით და სტანდარტებით ბურჯანაძე და აბაშიძე გაცილებით გამოირჩევიან ხუთეულისგან, რომელიც წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“. კომისია, რომელიც შედგა, ამ კომისიაზეც კი მათ მიიღეს უმაღლესი ქულები. ამიტომ არგუმენტი არის პოლიტიკური და არა პროფესიული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.