დავით ასათიანი ირმა ჭკადუას ბრალდებებს არჩევნებამდე შექმნილ აურზაურს უწოდებს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, დავით ასათიანი ირმა ჭკადუას ბრალდებებს არჩევნებამდე შექმნილ აურზაურს უწოდებს. ის აცხადებს, რომ ასოციაციის ყველა წევრს აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი არჩევანი და უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი სახით ზაზა ხატიაშვილი შესაძლოა ასოციაციაში მემკვიდრეს ტოვებდეს.
“ჩემი კოლეგიური პატივისცემის მიუხედავად, არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოთქმულ ასეთი ტიპის ბრალდებებს და პრეტენზიეს, მაპატიეთ და ვერ აღვიქვამ სერიოზულად. შესაბამისად, დამიტოვებთ უფლება, კომენტარი არ გავაკეთო. ყველა ადამიანს, მათ შორის ზაზა ხატიაშვილს, აქვს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აზრი, რაიმე დამატებითი გამუქება ამ თემის არის წინასაარჩევნო აურზაური. მე 18 წელია ვარ ადვოკატი, არც ერთი დღე სხვა პროფესიაში არ მიმუშავია. ამ ხნის განმავლობაში მქონდა უამრავი საქმე, უამრავი პროცესი, უამრავი კლიენტი. მე ჩემი კლიენტების სორტირებას სქესის, ეროვნების, პოლიტიკური თუ სხვა ნიშნებით არ ვახორციელებ. მე ვახორციელებ მოქალაქეების და კომპანიების სამართლებრივ დავას”, – განაცხადა ასათიანმა.