დათო ლორთქიფანიძის ტრანსფერის უცნობი დეტალები - „ჯენოაში" გადასვლას „პადოვასთან" კონტრაქტი ვამჯობინე
17 წლის ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე იმ არჩევანზე საუბრობს, რომელიც მას იტალიის სერია B-ს “პადოვაში” ჩარიცხვამდე ჰქონდა.
„იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში, “ატალანტაში” ვვარჯიშობდი. დაახლოებით ორ თვის წინ, არჩევანის წინაშე დავდექი – “ატალანტას” 19-წლამდელთა გუნდში გამეგრძელებინა კარიერა ან “ჯენოასა” და “პადოვაში”, საიდანაც შემოთავაზებები მივიღე. საბოლოოდ, არჩევანი “პადოვაზე” გავაკეთე, რადგან ამ ეტაპზე 19-წლიანებში ვითამაშებ და ძირითად გუნდთან ვივარჯიშებ. ამავე დროს, მექნება შესაძლებლობა, სერია B-ს გუნდშიც ვითამაშო, 17 წლის ასაკში იტალიის ჩემპიონატში თამაში კი დიდი პატივია. “პადოვას” ძირითად გუნდში სისტემატურად ვვარჯიშობ, მოსამზადებელი ეტაპიც გუნდთან ერთად გავიარე” – ამბობს ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, მთავარ გუნდში მომზადებამ საგრძნობლად გააძლიერა.
„ახლა თანატოლებთან ფიზიკურად გამკლავება აღარ მიჭირს, რადგან უფროსებთან ვარჯიშებმა გამაძლიერა. გუნდს შეკრება იტალიის მაღალმთიან კურორტზე ჰქონდა. ვგრძნობ, რომ მოვღონიერდი და შეკრება ძალიან წამადგა. სიმართლე გითხრათ, მსგავსი საწვრთნელი პროცესი არ გამივლია. ძალიან დატვირთული ვარჯიშები გვქონდა დილასა და საღამოს. ამავდროულად, მომთხოვნი და საკმაოდ მკაცრი მწვრთნელი გვყავს“, – განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.