რუდი გარსია კვარაცხელიას მხარს უჭერს - ნაკრებში შეუცვლელად ითამაშა და „ნაპოლის“ დატვირთულ პერიოდში დაეხმარება #1TVSPORT
რუდი გარსია კვარაცხელიას მხარს უჭერს - ნაკრებში შეუცვლელად ითამაშა და „ნაპოლის“ დატვირთულ პერიოდში დაეხმარება #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რუდი გარსიამ გახარებულია, რომ კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ორი სრული თამაში ჩაატარა და ამბობს, რომ ფორმაში შესული ქართველი თავდამსხმელი კლუბს მოახლოებულ მნიშვნელოვან მატჩებში დიდ დახმარებას გაუწევს.

ქართველი თავდამსხმელი „ნაპოლის“ დაეხმარა სერია A-ს ტიტულის 33-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებაში, მაგრამ კუნთების ტრავმის გამო, ახალ სეზონში თამაში მეორე ტურიდან დაიწყო. საქართველოს ნაკრებში კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ ორჯერ ითამაშა.

გარსიამ იცის, რომ მას შეუძლია შაბათს თავდამსხმელის იმედი ჰქონდეს, როდესაც „ნაპოლი“ თბილისის დროით 22:45 საათზე „ჯენოას“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ 23 დღის განმავლობაში ნეაპოლელები შვიდ მატჩს გამართავენ.

რუდი გარსია: „კვარამ (საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში) 180 წუთი ითამაშა. პირველ მატჩში ცოტა იბრძოდა, მეორეში კი ოდნავ უკეთესი იყო, მაგრამ მე მასზე არ ვდარდობ. მას მეორე ტაიმში „ლაციოს“ წინააღმდეგ არ გაუმართლა. ის კვლავ გაიტანს და საგოლე გადაცემებსაც შეასრულებს. რომაელებთან 90 წუთი ვერ ითამაშა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ორი სრული თამაში ჩაატარა, რაც ჩვენთვის კარგი ამბავია. 23 დღეში შვიდი თამაში გვაქვს. ეს იქნება მარათონი და მთელი გუნდის ყველა წევრი საამისოდ მზად უნდა იყოს“, – განაცხადა გარსიამ „ჯენოასთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ნაპოლი“ სეზონში პირველად საერთაშორისო შესვენებამდე დამარცხდა, როდესაც „ლაციომ“ გარსიას გუნდს „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ 2 სექტემბერს 2:1 მოუგო. გარსიამ აღიარა, რომ მას სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა მოუწევს.

„ზოგიერთი ფეხბურთელი 100 პროცენტით ფორმაში არ არის, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ტრავმირებულები არ გვყავს. კვარაცხელიამ ამ სეზონში სერია A-ს მხოლოდ ერთი მატჩი დაიწყო პირველი წუთიდან. თუმცა, ახლა ფორმას უბრუნდება. ვინც იმსახურებს, ის ითამაშებს, მაგრამ სასტარტო შემადგენლობა არ იქნება ისეთი, როგორიც „ლაციოსთან“ მატჩში. ჩვენ შეტევაში უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ და მნიშვნელოვანი იქნება, კარი უსაფრთხოდ შევინარჩუნოთ, როგორც „სასუოლოსთან“ მოვახერხეთ. ჩვენ თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ, რადგან გვაქვს დახვეწილი თამაშის სტილი, რომელიც მეტი გოლის გატანაში დაგვეხმარება“, – აცხადებს „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი.