დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყეპარკში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქცია „სიიენენსა“ (CENN) და „უიესაიდის“ (USAID) მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოსა და თბილისის მერიასთან პარტნიორობით ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლებმა, უნივერსიტეტებმა, მოხალისეები და კამპანია „გარემოს გულისათვის“ პარტნიორმა ორგანიზაციებმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისი მერის მოადგილე მაია ბითაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ველური ბუნების სააგენტოს ხელმძღვანელი რევაზ ბეჟაშვილი, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია და ასევე, სკოლა „შავნაბადას“ მოსწავლე გიორგი ბედიაშვილი.
როგორც ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, დასუფთავების მსოფლიო დღე არის კარგი შესაძლებლობა, არა მხოლოდ დასუფთავდეს და გალამაზდეს გარემო, არამედ საზოგადოებამ აიმაღლოს ცნობიერება იმაზე, რაოდენ დიდი ზიანი ადგება გარემოს დაბინძურებით,
„განსაკუთრებით საუბარია პლასტმასის ნარჩენებზე, რომელთა დაშლას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ძალიან კარგია, რომ საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით 2017 წლიდან, ეს შეეხება ნარჩენების მართვის მოდერნიზაციას. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნულ აქციაში ბავშვებიც არიან ჩართული” – განაცხადა რუდმა.
2018 წლიდან, CENN USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს მასშტაბურ გარემოს დაცვით კამპანიას – „გარემოს გულისათვის“ (Keep Georgia Beautiful), რომლის მიზანია გარემოზე ზრუნვა მთავრობის, ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით. კამპანია უკვე 27 ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის, საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და სკოლებს, რომლებიც ზრუნავენ მათ მიერ ნაშვილები ტერიტორიების სისუფთავეზე.