დალია გრიბაუსკაიტე - საქართველოსა და ნატო-ს ქვეყნებს შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობებია
საქართველოსა და ნატო-ს ქვეყნებს შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობებია, უფრო ახლო, რაც კი მინახავს, რომ ალიანსში გაწევრიანების მსურველ სხვა რომელიმე ქვეყანას ოდესმე ჰქონია, – ამის შესახებ ლიეტვუას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, ლიეტვუა გმობს აგრესიას, ოკუპაციას და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„სანქციები, დიპლომატიური იზოლაცია – ეს არის, რაც ხელთ გვაქვს დღეისთვის რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას, გააძლიეროთ უსაფრთხოება. ევროპის კონტექსტში, მხარს ვუჭერთ ეკონომიკურ განვითარებას და ასევე ეს არის ჩვენი უსაფრთხოებაში ინვესტიციაც. რაც შეეხება ნატო-ს მომავალ სამიტს, საქართველოს და ნატო-ს ქვეყნებს შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობებია, უფრო ახლო, რაც კი მინახავს, რომ როდესმე ჰქონია ალიანსში გაწევრიანების მსურველ სხვა რომელიმე ქვეყანას. თქვენი წარმომადგენლობა ყველა ცხელ წერტილში ძალიან აქტიურია და ეს საუკეთესო გზაა, რასაც საქართველო აკეთებს, რადგან რაც მეტი ჩართულობა გექნებათ, მეტია შანსი, რომ თქვენ დააჩქარებთ ნებისმიერ ნაბიჯებს, ფორმალურ საფეხურებს, რაც საჭიროა წევრობისთვის. ასეთი ძალიან მჭიდრო და ეფექტური კოოპერაციით, დარჩება მხოლოდ პოლიტიკური შესაძლებლობის ფანჯრის გახსნა. გისურვებთ, რომ მაშინაც ისევე ჩართული იყოთ ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობაში, როგორც ახლა ხართ და ეს მოგცემთ შანსს, რომ არ დაელოდოთ ფორმალურ სახელწოდებებს საფეხურებისას ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ შეგვიძლია გამოვტოვოთ გარკვეული საფეხურები, თუ პოლიტიკური სიტუაცია პოზიტიურად წარიმართება“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.