დალია გრიბაუსკაიტე - გაგიმარჯოს საქართველო, მინდა, მომავლისკენ გზა დაგილოცოთ
გაგიმარჯოთ საქართველო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ გვერდით ყოფნა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მეც მინდა საქართველოს ჭეშმარიტი სახელი გამოვიყენო თქვენი ქვეყნის აღსანიშნავად, ისევე როგორც თქვენ გამოიყენეთ ჩემი ქვეყნისთვის“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და დამოკიდებულება სულ უფრო უმჯობესდება.
„საქართველოს 100 წლის წინ მიეცა შესაძლებლობა და დღესაც აქვს შანსი, პროგრესული გზით იაროს.
ჩვენ, რასაკვირველია, გავაგრძელებთ მხარდაჭერას, როგორც ევროპის კავშირის, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რადგან საქართველო ნამდვილად მოწინავე ქვეყანაა და აქვს წარმატებები, იგივე ნატო-სთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მიმართულებით გამოწვევები მთელს მსოფლიოშია და ყველა თანხმდება, რომ გეოპოლიტიკური დინამიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება. მხოლოდ თქვენი ქვეყანა კავკასიიდან ნატო-ს საუკეთესო პარტნიორია, რომელიც დგას რეგიონის უსაფრთხოების ბლოკპოსტზე.
რასაკვირველია, ამით საქართველოს უადვილდება ნატო-სკენ სავალი გზა. ჩვენ ვიქნებით თქვენ გვერდით, თუ საჭიროა თქვენს ზურგს უკან. რა თქმა უნდა, ეს გააძლიერებს თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენი მეგობრობა ვითარდება, საქართველოს სახელი უკვე მიღებულია ჩვენს ქვეყანაში.
ხვალ ვესტუმრები თბილისის ერთ-ერთ სკოლას, სადაც ჩემი ქვეყნის ენა ისწავლება. კიდევ ერთხელ მინდა საქართველოს მივულოცო ასწლოვანი დღესასწაული, იუბილე თანამედროვე სახელმწიფოს შექმნისა და მინდა მომავლისკენ გზა დაგილოცოთ“, – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.