1933 წელს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ხარბინში თავის ქალის იდუმალი ნამარხი აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინებულად იყო შენახული — ემჩნეოდა თვალის კვადრატული ბუდეები, სქელი, ყავისფერი ყბის ძვლები და დიდი კბილები — ვერავინ გაარკვია, რას ეკუთვნოდა ის სინამდვილეში.
თავის ქალა გაცილებით დიდია, ვიდრე ჰომო საპიენსების ან ადამიანის სხვა სახეობების, თავის ტვინის ზომა კი ჩვენი მსგავსია. ისტორიულ მოვლენათა გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა მისი წარმოშობის ადგილის ან ასაკის დადგენა.
ახლახან, ჩინელ, ავსტრალიელ და ბრიტანელ მკვლევართა ჯგუფმა ეს თავსატეხი ამოხსნა — თავის ქალა ადამიანის გადაშენებულ, ამ დრომდე უცნობ სახეობას ეკუთვნის. ჟურნალ Innovation-ში სამი პუბლიკაციის სახით გამოქვეყნებული კვლევა მიუთითებს, რომ ის ჩვენი უახლოესი ნათესავია ადამიანის ოჯახურ ხეზე.
სახელი ჩინეთის იმ პროვინციის მიხედვით უწოდეს, სადაც აღმოაჩინეს — ჰომო ლონგი (Homo longi), რაც „დრაკონის მდინარეს ნიშნავს“. თავის ქალაში ჩაჭედილი დანალექების ქიმიური ანალიზით ირკვევა, რომ ის 50 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის.
ეს კი ადასტურებს, რომ ის მომდინარეობს ქალაქ ხარბინის სიახლოვეს მდებარე ხუანშანის კლდის ფორმაციის ზედა ნაწილიდან. ფორმაცია უტყუარად არის დათარიღებული და შუა პლეისტოცენის ხანას ეკუთვნის, ანუ 125 000 – 800 000 წლის წინანდელია. ურანით დათარიღება აჩვენებს, რომ თავად ნამარხი სულ მცირე 146 000 წლისაა; ურანით დათარიღებისას, ქანების ასაკის დასადგენად იყენებენ მის ნიმუშებში არსებული რადიოაქტიური ურანის ატომების დაშლის მაჩვენებელს, რაც მეცნიერებისთვის ისედაც ცნობილია.
ჰომო ლონგიმ ახლა საკუთარი ადგილი შეიძლება დაიკავოს აფრიკის, ევროპისა და აზიის ჰომინინების უფრო მზარდ სახეობათა რიგებში.
თუმცა, ნამარხ სახეობათა შორის ისტორიული ურთიერთობის დადგენა ადამიანის ევოლუციის კვლევის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია.
ბოლო წლებში, უძველესი დნმ-ის ანალიზებმა სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა თანამედროვე ადამიანთა ადრეულ პოპულაციებს შორის ურთიერთობის შესახებ. ასევე წარმოჩინდა, რამდენად განვსხვავდებით და ვგავართ ჩვენს უახლოს ნათესავებს — ნეანდერტალებს.
შუა პლეისტოცენის ხანის ჰომინინთა ნამარხებში დნმ იშვიათად არის შემორჩენილი, რადგან ის დროთა განმავლობაში დეგრადირდება. შესაბამისად, ევოლუციურ ურთიერთობათა დადგენა სხვა მტკიცებულებათა გამოყენებით უნდა მოხდეს. ეს კი ძირითადად არის მონაცემები ნამარხის ფორმის, ანუ მორფოლოგიის, მათი ასაკისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესახებ.
მკვლევართა ჯგუფმა ხარბინში ადამიანის ხაზების ოჯახური ხე (ფილოგენეტიკა) შექმნა, რათა გაერკვია, როგორ ენათესავება ეს სახეობა თანამედროვე ადამიანებს. ეს ხე ეფუძნება შუა პლეისტოცენის ხანის ჰომინინთა სხვადასხვა სახეობის 95 დიდწილად სრულყოფილი ნამარხი ეგზემპლარების მორფოლოგიურ მონაცემებს; მათ შორის არის ჰომო ერექტუსი, ჰომო ნეანდერტალენსისი, ჰომო ჰაიდელბერგენსისი და ჰომო საპიენსი. ცნობილია მათი ასაკებიც.
ხე ასევე მიუთითებს, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში აღმოჩენილი და ამ დრომდე გაურკვეველი ნამარხები ასევე ჰოლო ლონგის ეკუთვნის.
კვლევა პროგნოზირებს, რომ ჰომო ლონგისა და ჰომო საპიენსის საერთო წინაპარი დაახლოებით 950 000 წლის წინ ცხოვრობდა. გარდა ამისა, ასევე მიუთითებს, რომ დაახლოებით მილიონ წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ, ორივე სახეობას ასევე ჰყავდა საერთო წინაპარი ნეანდერტალებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეანდერტალებს ჩვენ შეიძლება იმაზე 400 000 წლით ადრე გამოვეყავით, ვიდრე აქამდე გვეგონა (აქამდე მიიჩნეოდა, რომ ეს 600 000 წლის წინ მოხდა).
ამ დრომდე ნეანდერტალები ჩვენს უახლოეს ნათესავებად მიიჩნეოდნენ (კვლევის მიხედვით, ჰომო ჰაიდელბერგენსისს ჩვენ 1,3 მილიონი წლის წინ გამოვეყავით). შესაბამისად, დებატები თანამედროვე ადამიანის ევოლუციისა და იმის შესახებ, რამ გვაქცია ჩვენ „ადამიანებად“, დიდწილად ეფუძნებოდა ნეანდერტალებთან შედარებებს.
თუმცა, ახალი აღმოჩენა ნეანდერტალებს ჩვენგან ერთი ნაბიჯით შორს სწევს და ორ სახეობას შორის მარტივ შედარებას გაცილებით ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს იმის დასადგენად, რამ გვაქცია საბოლოოდ იმად, რაც ახლა ვართ.
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც თავად ავტორებიც აღიარებენ, ამ ფილოგენეტიკური მოდელის დათარიღების შესახებ ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები. ადამიანის ხაზებს შორის საერთო წინაპრების პროგნოზირებული თარიღები არ ემთხვევა სინამდვილეში აღმოჩენილი ნამარხებისას ან დნმ-ის ანალიზების პროგნოზისას.
მაგალითად, ეს კვლევა გვთავაზობს, რომ ევრაზიაში ჰომო საპიენსი დაახლოებით 400 000 წლის წინ იყო. თუმცა, ამ სახეობის უძველესი ნამარხი აფრიკის გარეთ, დაახლოებით 200 000 წლისაა.
ამავე დროს, ჰომო საპიენსისა და ნეანდერტალების გაყოფა მილიონზე მეტი წლის წინ, როგორც ამ კვლევაშია პროგნოზირებული, არ ემთხვევა დნმ-ის ბირთვულ ანალიზებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ს გაცილებით გვიან მოხდა. თუმცა, ეს შეიძლება გაამყაროს უჯრედის ერთ-ერთი ორგანოიდის, მიტოქონდრიის გენეტიკური მასალის ანალიზებმა.
ამ კვლევაში წარმოდგენილი უფრო დიდი თარიღები შეიძლება ახალი მეთოდის გამოყენების შედეგი იყოს; მას ბაიესის წვეტის დათარიღებას უწოდებენ და როგორც წესი, ევოლუციურ კვლევებში არ იყენებენ. შეუძლია მხედველობაში მიიღოს როგორც მორფოლოგიური, ისე მოლეკულური მონაცემები და გააკეთოს პროგნოზები სახეობათა შესაძლო მიმდევრობისა და გაყოფის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევაში წარმოდგენილი ოჯახური ხე სავარაუდოდ გაუძლებს დროის გამოცდას, ჯერ მაინც ადრეა, რომ გაყოფის ეს პროგნოზირებული თარიღები საბოლოოდ დამტკიცებულად ჩავთვალოთ. ამას გარდა, კვლევა მნიშვნელოვან სინათლეს ჰფენს შუა პლეისტოცენში ადამიანთა სახეობების გაჩენისა და გავრცელების ამბავს — პლანეტის ყველა ნაწილში. მნიშვნელოვანია, რომ მრავალი ეს სახეობა შეიძლება ერთმანეთში ჯვარდებოდა.
ევროპა ნეანდერტალთა წარმოშობის ადგილად მიიჩნევა. ამავე დროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ევოლუციური ნაბიჯი იყო ადამიანის აზიური სახეობა ჰომო ერექტუსი, რომელმაც ყველა შემდეგი ჰომინინის სახეობას დაუდო დასაბამი. ახლა კი ვიცით ისიც, რომ ჰომო ლონგიც აზიაში გაჩნდა. გამომდინარე აქედან, როგორც ჩანს, აფრიკა მართლაც იყო ადამიანთა სახეობის წარმოშობის ადგილი.
ხარბინის თავის ქალა კიდევ ერთ ამბავს გვიყვება ადამიანის ევოლუციის, როგორც მეცნიერებისა და საერთაშორისო დისციპლინის შესახებ. ადამიანის ევოლუცია თავიდან ევროპული ინტერესის საგანი იყო და ძირითადად ფოკუსირებული იყო დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში აღმოჩენილ მტკიცებულებებზე. აფრიკაში ნამარხების აღმოჩენამ ადამიანთა ხაზის წარმოშობას კიდევ უფრო დიდი თარიღები შესძინა და ამ სახეობის წარმოშობისა და გავრცელების ადგილად აქცია.
ხარბინის თავის ქალა კი კვლავ შეგვახსენებს აზიის სიდიდეს, რომლის ნამარხები და მეცნიერებიც ახლა უკვე წინა პლანზე შემოდიან.
ხარბინის ნამარხის შემთხვევაში, ეს ძველი ეგზემპლარი აქტიური გამოყენების ქვეშ ანალიზის ახალმა მეთოდმა შეიტანა და აზია ადამიანის ევოლუციის კვლევების წამყვან ადგილად აქცია.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.