Daily Telegraph - ბრიტანეთის დაზვერვა ევროკავშირში ბრექსითზე საიდუმლო მასალების მოპოვებას ცდილობს
Daily Telegraph - ბრიტანეთის დაზვერვა ევროკავშირში ბრექსითზე საიდუმლო მასალების მოპოვებას ცდილობს

ბრიტანეთის დაზვერვა Brexit-თან დაკავშირებით ევროკავშირში საიდუმლო მასალების მოპოვებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Daily Telegraph-მა ევროკაშირის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა.

გამოცემა წერს, რომ ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებმა ევროკავშირის ოფიციალური პირებისთვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათი შექმნიდან რამდენიმე საათში მოიპოვეს.

აღნიშნული საკითხის ირგვლივ სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ევროსაბჭოს 12 ივლისის სხდომაზე, რომელსაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ლიდერი და წარმომადგენელი ესწრებოდა.

საქმის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 5 ივლისს სპეციალურ პრეზენტაციაზე გამოტანილი საიდუმლო დოკუმენტები ბრიტანეთის ხელში ძალიან სწრაფად აღმოჩნდა. დოკუმენტებში მკაცრად იყო გაკრიტიკებული ბრიტანეთის განზრახვა, რაც ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ საერთო ბაზარზე დარჩენას გულისხმობს. რამდენიმე საათში ბრიტანეთის მთავრობა უმაღლეს დონეზე ლობირებდა ევროკომისიის გადაწყვეტილების დაბლოკვას, რაც პრეზენტაციაში მოცემული მასალების გასაჯაროებას ითვალისწინებდა. ბრიტანეთში ამბობენ, რომ ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმება ოქტომბერში იგეგმება.