მედიის ცნობით, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად წაუყენეს
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად წაუყენეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად წაუყენეს. აქედან 31 ეპიზოდში ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის განზრახ შენახვას ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ფედერალური ბრალდების მტკიცებით, ტრამპი აღნიშნულ დოკუმენტებს აბაზანაში, საძინებელსა და სხვადასხვა ადგილას ინახავდა. გამოძიების ცნობით, აბაზანიდან ამოღებული დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას შეერთებული შტატების ბირთვული პროგრამის, აშშ-სა და სხვა უცხოური ძალების იარაღის შესაძლებლობებზე.

ამასთან, სასამართლო ტრამპს გასაიდუმლოებული დოკუმენტების ორჯერ სხვებისთვის გაზიარებაშიც ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, პირველი შემთხვევა გოლფის ეროვნულ კლუბში დაფიქსირდა, სადაც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა პირებს დოკუმენტები „თავდასხმის გეგმად“ გააცნო, რომელიც მისთვის „თავდაცვის დეპარტამენტმა და სამხედრო მაღალჩინოსნებმა მოამზადეს“ და განუმარტა, რომ ის კონფიდენციალური იყო. დონალდ ტრამპი აღნიშნულ საქმეზე მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს.