დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.

ტრამპის ადვოკატმა, ჯიმ ტრასტიმ „სიენენს“ დაუდასტურა, რომ ტრამპს ბრალი, სულ მცირე, შვიდი მუხლით წაუყენეს. მათ შორის მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისთვის.

აღნიშნულს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოეხმაურა და ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან ბრალის წაყენებას „ბნელი დღე“ უწოდა და განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ყველაფერს გააკეთებს ამის დასამტკიცებლად.

„უდანაშაულო ვარ და ამას ძალიან, ძალიან მტკიცედ და იმედია, ძალიან სწრაფად დავამტკიცებთ“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს.

ცნობისთვის, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტები 2022 წლის აგვისტოში ამოიღო. მათგან რამდენიმეს გრიფი „სრულიად საიდუმლო“ ედო. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და კონკრეტული ჯგუფების მიზანი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისთვის ხელის შეშლა გახლდათ.