“მანჩესტერ სიტის” ფორვარდს სერხიო აგუეროს ინგლისის დატოვება და არგენტინაში დაბრუნება სურს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, არგენტინელ თავდამსხმელს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, როდის გამოეთხოვება “სიტის” – 2018 წლის ზაფხულში თუ 2019-ში.
ცნობილია, რომ აგუერო არ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას ინგლისურ კლუბთან, რადგან დაძაბული ურთიერთობა აქვს მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან.
ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ ფორვარდი უკვე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ გადავა არგენტინის “ინდეპენდიენტეში“.
აგუერო “მანჩესტერ სიტის” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. წლევანდელ სეზონში 22 მატჩში მას 15 გოლი და 4 საგოლე პასი დაუგროვდა.