დაფიქსირებულია მზის ამოფრქვევებზე 10-მილიარდჯერ ძლიერი ვარსკვლავური ამოფრქვევა
დაფიქსირებულია მზის ამოფრქვევებზე 10-მილიარდჯერ ძლიერი ვარსკვლავური ამოფრქვევა

ჩვენს მზეზე ხანდახან ძლიერი ამოფრქვევები ხდება, მაგრამ ისინი უბრალოდ არაფერია ზოგიერთ სხვა ვარსკვლავთა ამოფრქვევებთან შედარებით. მსგავსი ანთებები განსაკუთრებით დამახასიათებელია მშფოთვარე, ახალგაზრდა ვარსკვლავებისათვის. ახლახან სწორედ ასეთი მოვლენა დააფიქსირეს ასტრონომებმა.

მისი სახელია JW 566. წარმოადგენს ორიონის ნისლეულში, ჩვენგან 1269 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავს. 2016 წლის ნოემბერში, მასზე დაფიქსირდა ამოფრქვევა, რომელიც ჩვენი მზის ანთებებზე 10-მილიარდჯერ კაშკაშა იყო.

როგორც მკვლევრები წერენ, ეს მოვლენა შესაძლოა, ჩვენთვის ცნობილი ყველაზე კაშკაშა ამოფრქვევაა, რომელიც დაკავშირებულია ახალგაზრდა ვარსკვლავურ ობიექტთან; ამავე დროს, არის პირველი კორონალური ანთება, რომელიც სუბმილიმეტრულ ტალღის სიგრძეში აღმოაჩინეს.


JW 566 არის T კუროს ტიპის ცვალებადი ვარსკვლავი (დამახასიათებელია სინათლის ცვალებადობა), რომელიც 10 მილიონ წელზე ნაკლები ასაკისაა და იმყოფება ტემპერატურის ზრდის პერიოდში, სანამ საკმარისად მასიური გახდება იმისათვის, რათა მის ბირთვში წყალბადის აალება დაიწყოს.


ჰავაიზე, მაუნა-კეას ობსერვატორიაში განთავსებულ ჯეიმს კლერკ მაქსველის ტელესკოპს აქვს ინსტრუმენტი, სახელად SCUBA-2. ეს გახლავთ 10 000 პიქსელიანი სხივური ენერგიის გამზომი კამერა (ბოლომეტრი), რომელიც -273 გრადუსზეა გაციებული და წარმოუდგენლად მგრძნობიარეა სუბმილიმეტრული ტალღის სიგრძეებისადმი.

ამ ინსტრუმენტს შეუძლია დაიჭიროს ძალიან მოკლეხნიანი ამოფრქვევაც კი, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში ინთება და ქრება.

აღმოსავლეთ აზიის ობსერვატორიის ასტრონომის, სტივ მერსის განცხადებით, ჯეიმს კლერკ მაქსველის ტელესკოპით ისინი ახლომდებარე ვარსკვლავთა დაბადებას სწავლობენ, რის საფუძველზეც ცდილობენ, უკეთ შეისწავლონ მზის სისტემის ისტორია.

მისი თქმით, ამოფრქვევებზე დაკვირვება ახალგაზრდა ვარსკვლავების გარშემო სრულიად ახალი ტერიტორიაა და საკვანძო ცნობებს გვაწვდის ამ სისტემათა ფიზიკური პირობების შესახებ. ეს ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ისინი მიდიან, რათა პასუხი გასცენ ადამიანთა ყველაზე მტკიცე კითხვებს კოსმოსის, დროისა და სამყაროს შესახებ.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს ვარსკვლავი აქტიურად ჭამს მატერიას მის გარშემო არსებული მტვრის დისკოდან და ამოფრქვევა გამოწვეული იყო მაგნიტური ველის დარღვევით, რომელსაც მატერია ვარსკვლავში ჩააქვს.

მაგნიტური ველის ხელახლა შეერთება ენერგიას სწრაფად ანიჭებს არათერმულ ნაწილაკებს, რას ვარსკვლავური ამოფრქვევის სახეს იღებს. ახალგაზრდა ვარსკვლავების გიგანტური ამოფრქვევები, როგორც მაგალითად ეს, მეცნიერებს ეხმარება უკეთ შეისწავლონ მაგნიტური აშლილობისა და ხელახლა შეერთების დინამიკა.

მკვლევართა ჯგუფი ვარსკვლავზე მონიტორინგს გააგრძელებს. ასტრონომებს იმედი აქვთ, რომ გიგანტურ ამოფრქვევებს კვლავ დაიჭერენ.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.