დაფიქსირებულია მკვდარი ვარსკვლავი, რომელიც საკუთარ პლანეტებს ანგრევს და შთანთქავს — #1tvმეცნიერება
დაფიქსირებულია მკვდარი ვარსკვლავი, რომელიც საკუთარ პლანეტებს ანგრევს და შთანთქავს — #1tvმეცნიერება

როდესაც ვარსკვლავი კვდება, რა ემართება მის პლანეტებს? თუ ეს ვარსკვლავი ჩვენგან 86 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ერთი თეთრი ჯუჯაა, მის პლანეტებს კარგი დღე ნამდვილად არ ადგათ — მათ ამჟამად საკუთარი ვარსკვლავი ფლეთს და ყლაპავს, თითქოს ძველბერძნული კრონოსის კოსმოსური ანალოგი იყოს, რომელიც საკუთარი შვილებს ყლაპავდა.

ასეთი რამ თეთრი ჯუჯებისთვის არც ისე უცხოა, მაგრამ ეს კონკრეტული ვარსკვლავი, სახელად G238-44, ზედმეტად გაუმაძღარია: ასტრონომებმა პირველად დააფიქსირეს, რომ ასეთი ვარსკვლავი (თეთრი ჯუჯა) ერთდროულად სანსლავს საკუთარი პლანეტური სისტემის როგორც შიდა, ისე გარე ნაწილის მატერიას.

G238-44-ს ატმოსფეროში ასტრონომებმა დააფიქსირეს ისეთი ელემენტების კვალი, რომელიც მიუთითებს, რომ ამ მკვდარმა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ შთანთქა ლითონისა და ქვის შემცველი მასალა, მზის სისტემის შიდა ნაწილის ასტეროიდების მსგავსი, ასევე მიაგნეს ყინულოვანი მასალის კვალს, ისეთი გაყინული სხეულებისას, რომლებიც მზის სისტემის გარე ნაწილში, კოიპერის სარტყელში გვხვდება.

„არასოდეს გვინახავს, რომ თეთრ ჯუჯაში ორივე ამ სახის ობიექტები ერთდროულად ცვიოდეს. იმედი გვაქვს, რომ ასეთი თეთრი ჯუჯების შესწავლით უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნება ჯერ კიდევ ხელუხლებელ პლანეტურ სისტემათა შესახებ“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსი და ასტრონომი ტედ ჯონსონი.

თეთრი ჯუჯა წარმოადგენს ობიექტს, რომელიც მზეზე მაქსიმუმ რვაჯერ მასიური ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ რჩება. მას შემდეგ, რაც ასეთი ვარსკვლავი სინთეზისთვის საჭირო მასალას ამოწურავს, იბერება და ხდება წითელი გიგანტი, შემდეგ მატერიის გარე ფენებს იცილებს, ვარსკვლავური ბირთვი კი გრავიტაციის ქვეშ კოლაფსირდება და წარმოიქმნება მკვრივი ობიექტი, რომელიც ნარჩენი სითბოთი კაშკაშებს. ეს გახლავთ თეთრი ჯუჯა.

ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეული უნდა იყოს ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტებისთვის — რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ, როდესაც მზე წითელ გიგანტად გაიბერება, შეიძლება მარსის ორბიტამდეც მიაღწიოს; თუმცა, ბოლო პერიოდში ასტრონომებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც, პლანეტური სისტემის გარკვეული ნაწილი შეიძლება ამ პროცესს გადაურჩეს.

თეთრი ჯუჯების გარშემო აღმოჩენილია ეგზოპლანეტები. არსებობს ნეკროპლანეტოლოგია — დარგი, რომელიც თეთრი ჯუჯების ეგზოპლანეტების ნარჩენებს შეისწავლის თავად თეთრი ჯუჯას ატმოსფეროში არსებული „დამაბინძურებელი“ მძიმე ელემენტების კვალის საფუძველზე.

იმის გამო, რომ თეთრი ჯუჯები ძლიერ მკვრივი ობიექტებია (წარმოიდგინეთ, რომ მზის მასა თავმოყრილი იყოს დედამიწის ზომის სფეროში), მძიმე ელემენტები მასში საკმაოდ სწრაფად უნდა ჩაიძიროს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ატმოსფეროში მძიმე ელემენტებით დაბინძურების კვალის დასაფიქსირებლად საჭიროა, რომ ისინი იქ ახალი მოხვედრილი იყოს.

ეს კი ძლიერ ამაღელვებელი ამბავია, რადგან ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ეგზოპლანეტათა წიაღის არაპირდაპირი შესწავლის საშუალება. ვიცით, რისგან შედგება დედამიწა, გარკვეულწილად ვიცით მზის სისტემის სხვა პლანეტების შემადგენლობაც, მაგრამ სხვა, შეუძლებელია შორეულ ვარსკვლავებთან მოძრავ ეგზოპლანეტათა იმავე გზით შესწავლა, როგორც დედამიწას ან თუნდაც მზის სისტემის სხვა პლანეტებს ვსწავლობთ.

ამ დროისათვის აღმოჩენილ პლანეტურ სისტემათა უმეტესობა მზის სისტემისგან მრავალი რამით განსხვავდება; თეთრ ჯუჯათა მიერ განადგურებული ეგზოპლანეტების შესწავლა კი მეცნიერებს იმის განსაზღვრაში დაეხმარება, განსხვავდება თუ არა აქაურისგან ეგზოპლანეტათა წიაღიც. სწორედ აქ მივუბრუნდეთ ისევ თეთრ ჯუჯა G238-44-ს.

ჯონსონმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ამ თეთრი ჯუჯას ატმოსფეროს დაბინძურების მსგავსი ამ დრომდე სხვაგან არ ფიქსირდება. მასში დააფიქსირეს ჰელიუმზე მძიმე ათი ელემენტი: ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი, მაგნიუმი, ალუმინი, სილიციუმი, ფოსფორი, გოგირდი, კალციუმი და რკინა.

განსაკუთრებით უხვად იყო რკინა და აზოტი; მკვლევართა განცხადებით, რკინა მიუთითებს დიფერენცირებული რკინის ბირთვის მქონე სხეულზე, აზოტი კი ყინულოვან სხეულთა არსებობაზე.

„დაფიქსირებულ მონაცემებს საუკეთესოდ ახსნიდა მერკურისა და კომეტის მსგავს მასალათა დაახლოებით ორი-ერთზე ნაზავი. რკინა და აზოტის ყინული მიუთითებს პლანეტური ფორმაციის ერთმანეთისგან დიდად განსხვავებულ გარემოზე. მზის სისტემაში ჩვენთვის ცნობილი ასეთი ობიექტები არ არის“, — ამბობს ჯონსონი.

შედეგები ასევე მიუთითებს, რომ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტის წარმოქმნისთვის საჭირო ინგრედიენტები ირმის ნახტომში სულაც არ უნდა იყოს იშვიათი. დედამიწა კლდოვანი პლანეტაა და მიჩნეულია, რომ სიცოცხლისათვის საჭირო ელემენტებით, მაგალითად წყლით, ასტეროიდებით ბომბარდირების შედეგად აივსო. აზოტით მდიდარი მასალის დაფიქსირება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ამ ელემენტთა გაყინული რეზერვუარები შეიძლება საკმაოდ გავრცელებული იყოს.

„სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობი ფორმა საჭიროებს სხვადასხვა აქროლადი ელემენტით, მაგალითად, ნახშირბადით, აზოტითა და ჟანგბადით დაფარულ კლდოვან პლანეტას. ჩვენ მიერ თეთრ ჯუჯაში უხვად ნანახი ეს ელემენტები, როგორც ჩანს, მომდინარეობს კლდოვანი მშობელი სხეულიდან და აქროლადებით მდიდარ მშობელი სხეულიდან — ეს ჩვენ მიერ ნაპოვნი პირველი ასეთი მაგალითია ასობით თეთრი ჯუჯის შესწავლის შემდეგ“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსი და ასტრონომი ბენჯამინ ზაკერმანი.

დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი მზე თეთრ ჯუჯად გადაიქცევა, თუკი მას რომელიმე არამიწიერი ცივილიზაცია დააკვირდება, ალბათ რაღაც ასეთივეს დაინახავს. გაფართოების პროცესში მზის სისტემის შიდა ობიექტები შეიძლება აორთქლდეს, მაგრამ შეიძლება გადარჩეს მარსსა და იუპიტერს შორის არსებული ასტეროიდთა სარტყელი, რომლებიც შესაძლოა, დესტაბილიზებულმა იუპიტერმა მიმოფანტოს და მკვდარ ვარსკვლავში წვიმასავით ჩაცვივდნენ.

ჯგუფმა კვლევა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 240-ე შეხვედრაზე წარადგინა.

მომზადებულია newsroom.ucla.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.