დაფიქსირებულია იდუმალი წყაროს მიერ გამოწვეული 72 უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება
დაფიქსირებულია იდუმალი წყაროს მიერ გამოწვეული 72 უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება

ასტრონომებმა დააფიქსირეს 72 უკიდურესად კაშკაშა და სწრაფი აფეთქება, თუმცა, ამ დრომდე მათი წარმომავლობის დადგენა ვერ ხერხდება.

იდუმალებით მოცული აფეთქებები ძალიან ჰგავს სუპერნოვას — მომაკვდავი ვარსკვლავის ფინალურ, გიგანტურ აფეთქებას.

მაგრამ სუპერნოვა ცას რამდენიმე თვეზე მეტხანს ანათებს.

მისგან განსხვავებით, 72 იდუმალი აფეთქება ხილული იყო მხოლოდ ერთი კვირიდან ერთ თვემდე მონაკვეთში, რაც კოსმოსური ვადებით უბრალოდ წამიერი გაელვებაა.


ახლად აღმოჩენილი სწრაფი აფეთქების ორი მაგალითი შეგიძლიათ ყვითლად იხილოთ მოცემულ გრაფიკზე და იქვე შეადაროთ ორ ტიპურ სუპერნოვას, რომელიც წითელ და მეწამულ ფერებშია გამოსახული.

ეს სწრაფი მოვლენები დროებითი აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბნელი ენერგიის კატალოგიზაციის სუპერნოვას პროგრამის (Dark Energy Survey Supernova Programme (DES-SN)) ფარგლებში.

DES-SN-ი საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც ბნელი ენერგიის უკეთ შესწავლის მიზნით სუპერნოვებზე ნადირობს. ბნელი ენერგია არის ჰიპოთეტური ძალა, რომელიც მკვლევართა აზრით, წარმართავს სამყაროს გაფართოების პროცესს.

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ აფეთქებულ ვარსკვლავთა ამ კაშკაშა ანთებებზე დაკვირვებით, უკეთესად გაარკვევენ, ზუსტად რა სისწრაფით ფართოვდება სამყარო.

თუმცა, ამ მონაცემებში ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ასევე შენიშნა რამდენიმე სხვა, სწრაფი აფეთქების მოვლენა, რომლის გამომწვევი ზუსტი მიზეზი მათთვის უცნობია.


წარმოგიდგენთ რამდენიმე აფეთქების ამსახველ ფოტოებს, რომელიც გადაღებულია მაქსიმალური სიკაშკაშის მიღწევამდე 8 დღით ადრე და 18 დღის შემდეგ.

ეს კონკრეტული მოვლენა ჩვენგან 4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მოხდა.

„DES-SN-ის პროგრამა გვეხმარება ბნელი მატერიის არსის გაგებაში, რაც სრულიად შეუსწავლელია. გარდა ამისა, ამ პროექტის ფარგლებში უკვე დავაფიქსირეთ სხვა აბსოლუტურად მოულოდნელი, დროებითი მოვლენა. სხვა თუ არაფერი, ჩვენი შრომა იმას მაინც ადასტურებს, რომ ასტროფიზიკა და კოსმოლოგია არის მეცნიერებები, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს ფლობენ“, — ამბობს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ასტრონომი მიიკა პურსიაინენი.

ბევრი რამ მართლაც არ ვიცით, მაგრამ ცნობილია, რომ ეს მოვლენები გამოირჩეოდა უკიდურესად მაღალი ტემპერატურითა და ფართო მასშტაბით — 10 000-30000 გრადუსი ცელსიუსის დიაპაზონში.

გარდა ამისა, წარმოუდგენლად დიდია თავად აფეთქების ზომაც — ასობით აღემატებოდა მზესა და დედამიწას შორის მანძილს (150 მილიონი კილომეტრი).

რაც ყველაზე უცნაურია, აფეთქება ძალიან სწრაფად გაცივდა.

მართალია, რაიმეს დაზუსტებით თქმა ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ უკვე გაჩნდა რამდენიმე მოსაზრება, თუ რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.

ერთ-ერთი მოსაზრებით, ეს გახლავთ სუპერნოვას ახალი, ჩვენთვის უცნობი ტიპი, რომელშიც ვარსკვლავი აფეთქებამდევე აფრქვევს ძალიან ბევრ მატერიას.

ამ სცენარის მიხედვით, ვარსკვლავი სრულიად უნდა გაეხვეს უკიდურესად ცხელი მატერიის სუდარაში. შესაძლოა, ასტრონომებმა სწორედ მატერიის ეს ცხელი ღრუბელი დააფიქსირეს და არა თავად ვარსკვლავი.


ასევე შესაძლებელია, რომ ჩვენ წინაშეა ახლახან აღმოჩენილი სუპერნოვას ტიპი.

გასულ კვირას, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავის სიკვდილის სრულიად ახალი, ფეთქებადი ტიპი (სუპერნოვა). ახლად აღმოჩენილმა სუპერნოვა KSN 2015K-მა სიკაშკაშის მაქსიმუმს მიაღწია და შემდეგ სრულიად ჩაბნელდა სულ რაღაც ერთ თვეში — ათჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე იმავე სიკაშკაშის სხვა სუპერნოვებმა.

KSN 2015K-ის შემთხვევაში, ასტრონომები ფიქრობენ, რომ ვარსკვლავი გახვეული იყო მის მიერვე გამოტყორცნილი მტვრის საბურველში და ხილული მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც მტვრის ბუშტი სუპერნოვას შოკურმა ტალღამ გაარღვია.

ჯერჯერობით უცნობია, ეს ახლად აღმოჩენილი დროებითი მოვლენები ვარსკვლავის სიკვდილის ახალი ტიპის დამატებითი მტკიცებულებაა თუ საქმე გვაქვს სრულიად ახალ ასტრონომიულ ფენომენთან.

ამ ჰიპოთეზათა შესამოწმებლად ან ახლის წამოჭრისთვის, ასტრონომებს გაცილებით მეტი მონაცემები ესაჭიროებათ.

როგორია ამ აფეთქებათა კვალი? რა იწვევს და რა სიხშირით ხდება? ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ასტრონომები კვლევას ჩილეს ანდებში, ატაკამის უდაბნოში განთავსებული ტელესკოპით განაგრძობენ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რასაც ისინი განსაკუთრებით მოძებნიან, არის იმის გარკვევა, ეს აფეთქებები უფრო ხშირად ხდება თუ „სტანდარტული“ სუპერნოვები.

კვლევა ჯერ დასრულებული არაა და არც რეზენზირებულ ჟურნალში გამოქვეყნებულა, შესაბამისად, 72 კოსმოსური აფეთქების აღმოჩენის შესახებ უკანასკნელად ნამდვილად არ გესმით, 1tv.ge ამ საკითხის ირგვლივ გაკეთებული ყოველი ახალი აღმოჩენის შესახებ ოპერატიულად გიამბობთ.

მომზადებულია ScienceDaily-სა და ScienceAlert-ის მიხედვით