დაფიქსირებულია ისტორიაში ყველაზე მძლავრი იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალი
დაფიქსირებულია ისტორიაში ყველაზე მძლავრი იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალი

რამდენიმე დღის წინ, ასტრონომებმა დააფიქსირეს იდუმალებით მოცული სამი ახალი სწრაფი რადიოიმპულსი (FRB). ერთი მათგანი ნამდვილად რეკორდულია, რადგან შეიცავს სიგნალი-ხმაურის თანაფარდობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ამ დრომდე დაფიქსირებულთა შორის. შედეგად, წარმოადგენს ჩვენთვის ცნობილ ყველაზე კაშკაშა FRB-ს.

სიგნალები 1-ელ, 9 და 11 მარტს დააფიქსირა ავსტრალიის პარკსის ობსერვატორიის რადიოტელესკოპმა. მათ FRB 180301, FRB 180309 და FRB 180311 უწოდეს.

ბოლო დროს სწრაფი რადიოსიგნალები კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელ საიდუმლოდ იქცა. ბოლო ათწლეულში დაფიქსირებულია მათი 33 წყარო. ერთ-ერთი წყარო სახელად FRB 121102 უნიკალურია, რადგან გამოყოფს განმეორებად სიგნალებს. FRB-თა წყაროების უმეტესი ნაწილი მხოლოდ ერთხელ ენთება და შემდეგ ქრება.


თითოეული რადიოსიგნალი მხოლოდ მილიწამებს გრძელდება, მაგრამ იმდენად დიდი ენერგია აქვს, რომ მის გამომუშავებას ასობით მილიონი მზე დასჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მათი პროგნოზირება. გარდა ამისა, იმის გამო, რომ მათი უმეტესობა აღარ მეორდება, ასევე შეუძლებელია მათი წყაროს დადგენაც.

FRB 121102 გამონაკლისია და მეცნიერებს დიდად ეხმარება ამ სიგნალთა გამომწვევი ფენომენის ამოხსნაში. გაჩნდა მრავალი თეორია. სრულიად შესაძლებელია, რომ მოვლენას ერთზე მეტი ახსნა მოეძებნოს.

FRB 121102-ის უახლესი კვლევის მიხედვით, მისი წყარო ნეიტრონული ვარსკვლავია. თუმცა, სხვა ჰიპოთეზები მიუთითებს შავ ხვრელებზე, კომპანიონი ვარსკვლავის მქონე პულსარებზე, ფეთქებად პულსარებზე, ბლიცარის ტიპის ვარსკვლავებზე, გამა-გამოსხივების აფეთქებებთან კავშირზე (რაც გამოწვეულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით) და მაგნეტარებზე.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფიზიკოსის აზრით, არაა გამორიცხული ისიც, რომ ამ სიგნალებს არამიწიერი ცივილიზაციის გიგანტური კოსმოსური ხომალდები გამოყოფდეს.

თუმცა, როგორც ირკვევა, იმპულსები ძალიან შორიდან, მილიარდობით წლის მანძილიდან მოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა იყოს მათი წყარო, ის უდავოდ უკიდურესად ენერგეტიკულია.

სხვა სწრაფ რადიოსიგნალთა წყაროების მსგავსად, სავარაუდოდ, განმეორებადი არ იქნება მარტში დაფიქსირებული სამი იმპულსიც. მათ შორის, FRB 180309, რომლის ხმაური-სიგნალის თანაფარდობა მანამდე ცნობილი ყველაზე მძლავრი FRB-სას ოთხჯერ აღემატება.

მიუხედავად ამისა, ერთ თვეში სამი სწრაფი რადიოსიგნალის დაჭერა მართლაც შესანიშნავი ნადავლია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ დრომდე დაფიქსირებული გვაქვს ძალიან ცოტა ასეთი სიგნალი.

ზოგიერთი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ FRB-თა უმეტესობას განმეორებადი ხასიათი აქვს, მაგრამ სიგნალთა დიდ ნაწილს არ აქვს საკმარისი სიმძლავრე, რომ დავაფიქსიროთ.
ასტრონომებს სჯერათ, რომ მათი საიდუმლოს ამოხსნას ამჟამად მშენებარე მძლავრი რადიოტელესკოპები შეძლებენ.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი