კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის სამუშაოები ამჯერად ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე, კინოთეატრ „საქართველოდან“ გადასასვლელი ხიდის მიმართულებით ჩატარდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძესთან ერთად გაეცნო. ადგილზე ასევე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ.
სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ. გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, ქავთარაძის, კანდელაკისა და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩას. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, დამუშავდა ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსისა და ჭავჭავაძის გამზირები, ასევე, დიდ დიღომში მდებარე იოანე პეტრიწის, პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩები.
როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, სპეციალური ხსნარით ირეცხება როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.