დაბებში მდებარე სამედიცინო ობიექტებზე, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა   13 000-ს ვერ აღწევს, დღეს პირველადი ჯანდაცვის საბჭო იმსჯელებს
დაბებში მდებარე სამედიცინო ობიექტებზე, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 13 000-ს ვერ აღწევს, დღეს პირველადი ჯანდაცვის საბჭო იმსჯელებს

სამედიცინო ობიექტებთან დაკავშირებით, რომელთა ბენეფიციარების რაოდენობა 13 000-ს ვერ აღწევს, დღეს პირველადი ჯანდაცვის საბჭო იმსჯელებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილი დღევანდელი განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პირველი მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტინგენტი 13 000-ზე ნაკლებია, სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენებს და ექიმებისა და ექთნების ნაწილს უმუშევარს დატოვებს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საკითხზე მსჯელობა შედგება და გადაწყვეტილება მიიღება იმის გათვალისწინებით, სად არის ასეთი სამედიცინო დაწესებულება განთავსებული.

„დღეს 18:00 საათზე გაიმართება პირველადი ჯანდაცვის საბჭოს შეხვედრა ამასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ ისეთ ობიექტებზე, რომლებიც მდებარეობენ დაბებში და მოსახლეობის დაფარვიდან და ბენეფიციარებიდან გამომდინარე, მათი რაოდენობა ვერ აღწევს 13 000-ს. თუმცა გამომდინარე იქედან, სად არიან ისინი გეოგრაფიულად ლოკალიზებული, ისეთი დაწესებულებები დარჩებიან, როგორც სტრატეგიული ობიექტები. სხვა დაწესებულებები, რომლებიც მეტწილად წარმოადგენდნენ არასამედიცინო დაწესებულებებს, არამედ ისეთებს, როგორც არის ესთეტიკური ცენტრები და დამატებით მონაწილეობდნენ სახელმწიფო დაფინანსებაში, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია და ეს, რა თქმა უნდა, განხორციელდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, რაც შეეხება პერსონალის დასაქმების საკითხს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ექიმების დეფიციტია, უმუშევრობის რისკი მნიშვნელოვნად დაბალია.

„რაც შეეხება პერსონალის უმუშევრად დარჩენას, არაერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არის ექიმების დეფიციტი, შესაბამისად, ექიმებისა და ექთნების მიმართ, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, იქნება დეტალური და პერსონალური განხილვები. შესაბამისად, უმუშევრობის კომპონენტის რისკი არის მნიშვნელოვნად დაბალი“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.