ცრუ ინფორმაციაზე, ცრუ ჩვენებაზე, ყალბ დასკვნაზე, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობასა და არასწორ თარგმანზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებებით, მართლმსაჯულების ხელის შეშლა, რაც გამოიხატება გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით, ასევე ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით ან თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნით გამოძიების დროს ან სასამართლოში, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით – ოთხ წლამდე.
იმ შემთხვევაში, თუკი იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ანგარებით, ან სხვა პირადი მოტივით, ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამას გარდა, ცვლილებებით, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
კანონპროექტში ამ თვალსაზრისით შენიშვნაა დაფიქსირებული, რომ მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თავის ან ახლო ნათესავის საწინააღმდეგოდ. ცვლილებებით, მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით-ერთიდან ოთხ წლამდე, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით – ორიდან ექვს წლამდე. კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს დანაშაულის შეუტყობინებლობაზეც.
კერძოდ, ცვლილებებით, დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია დანაშაული, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.