ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მისივე თქმით, რაიმე ტიპის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება ან ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ არის.
„ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, კლინიკური სურათი დინამიკაში არ შეცვლილა. შესაბამისად, დღეს რაიმე ტიპის დამატებითი გამოკვლევის ჩატარება ან ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს. პაციენტი კვლავინდებურად იმყოფება მართვით სუნთქვაზე, სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ. იგივე რეჟიმით გაგრძელდება მკურნალობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში“, – განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.
ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.