ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დაზარალებული მხარის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების შეფასება მოხდება.

ამირან გიგუაშვილის შეფასებით, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებული პირების დანაშაულს დაადასტურებს. ადვოკატის თქმით, მას აქვს მოლოდინი რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

„გაიმართება პირველი სასამართლო სხდომა ცოტნე გამსახურდიას ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირების მიმართ. ეს არის ორი ადამიანი – გიორგი სოლოღაშვილი და ტატო ღარიბაშვილი. ხოლო დანარჩენი სამს, ვინც ასევე პასუხისგებაშია მიცემული, ბრალდება, რომ მათ არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მათთან დაკავშირებითაც ასევე ჩატარდება წინასასამართლო სხდომა. უნდა შეფასდეს, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, რომ არსებითი განხილვა განხორციელდეს ამ საქმეზე.

არაერთხელ გავეცანი გამოძიების მასალებს და მიმაჩნია, რომ საქმეზე არსებობს პირდაპირი სახის მტკიცებულებები იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ აღნიშნულ პირებს, ვგულისხმობ პირველ რიგში ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ორ პირს, გამოუტანონ გამამტყუნებული განაჩენი“, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

„მიმაჩნია, რომ საქმეზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მეორე მხრივ, დამნაშავეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი – ის, რომ მათ არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, ყველანაირად ხელს უშლიდნენ გამოძიებაზე ჭეშმარიტი ობიექტურობის დადგენას, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი წარმოადგენენ სოციალურად საშიშ პიროვნებებს და მათ მიმართ უნდა აღსრულდეს მართლმსაჯულება მთელი სიმკაცრით, კანონისა და სამართლიანობის გათვალისწინებით. მოსამართლემ დღეს უნდა გადაწყვიტოს, ეს საქმე მაღალი ალბათობით შეიცავს იმ მტკიცებულებებს, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი თუ არ შეიცავს. მე მიმაჩნია, რომ ამ საქმეზე არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ბრალდების სახით მიცემული პირების ბრალეულობას. ჩემი აზრით, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგება და ეს არის ჩემი მოლოდინი“, – განაცხადა ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი, თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.