ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს – ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს სასამართლომ 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე ყუფარაძე დამნაშავედ ცნეს და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამავე ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს, კახა ჩხეტიანს კი ხუთი წლით პატიმრობა შეეფარდა.

პეტრე ყუფარიძის ადვოკატ ვაჟა არობელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„არ ველოდებოდით ამ გადაწყვეტილებას. საქმის მასალებითა და სასამართლოზე დაკითხული მოწმეებით აშკარად დადასტურდა, რომ აღნიშნული დანაშაული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია. დანაშაულის შეუტყობინებლობაა. თუ იცი, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, უნდა შეატყობინო სამართალდამცავ ორგანოებს. საქმის მასალებით და მოწმეების ჩვენებით, გამსახურდიას დაჭრის ფაქტს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ შესწრებია. როცა მივიდა, ცოტნე უკვე დაჭრილი იყო და მან უპატრონა, სისხლდენა შეუჩერა, პოლიციას შეატყობინა. ჩვენ ალბათ, დაახლოებით 20 დღის განმავლობაში ჩაგვბარდება სასამართლოს განჩინება, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ. გავასაჩივრებთ და დარწმუნებული ვარ, სააპელაციო სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ვაჟა არობელიძემ.

საქმის პროკურორ მარიკა გოგოხიას განცხადებით კი სასამართლომ ბრალდებულებთან დაკავშირებით სრული გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და გასაჩივრება არ განიხილება.

„დღეს დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა, რის შემდეგაც წარმოვთქვით რეპლიკები. სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი, რომლის მიხედვითაც, ოთხივე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ მათთვის წარდგენილ ბრალდებებში. კერძოდ, ორი გამტყუნდა განზრახ მკვლელობის მცდელობაში, როგორც მათ ბრალი ედებოდათ, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. რაც შეეხება ორ ბრალდებულს დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, ერთს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის ვადით, ხოლო მეორე ბრალდებულს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით. გასაჩივრება არ განიხილება. გამოტანილია სრული გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, სასჯელებიც მისაღებია“, – განაცხადა მარიკა გოგოხიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ერთი პირი კი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.