ჩვენს პლანეტაზე 9000-ზე მეტი ხის სახეობა ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ჩვენს პლანეტაზე 9000-ზე მეტი ხის სახეობა ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ამბიციური, ფართომასშტაბიანი კვლევის ფარგლებში, რომელიც უდიდესი იყო ამ დრომდე ჩატარებულ სახის კვლევებს შორის, მეცნიერებმა სცადეს შეეფასებინათ, რამდენი სახის ხე არსებობს დედამიწაზე; შედეგები მიუთითებს, რომ ხის ათასობით სახეობა ჯერ კიდევ აღმოუჩენელია.

უზარმაზარ საერთაშორისო კვლევაში ასზე მეტი მეცნიერი მონაწილეობდა. მიღებული შედეგების მიხედვით, დედამიწაზე ჯამში დაახლოებით 73 000 სახეობის ხეა, მაგრამ დოკუმენტირებულია მხოლოდ 64 000 სახეობამდე.

ანუ, მკვლევართა განცხადებით, ჯერ კიდევ აღმოუჩენელია ხის 9200-მდე სახეობა, რომლებიც ამ დრომდე სამეცნიერო ყურადღების მიღმა რჩება.

„ხეების დონის ინდივიდუალური მონაცემები შევაჯერეთ მასიურ გლობალურ მონაცემებთან. მონაცემთა თითოეული კრებული შედგენილია ადამიანთა მიერ, რომლებიც ტყეში წავიდნენ და აღრიცხეს თითოეული ხე — შეაგროვეს მონაცემები მისი სახეობის, ზომის და მახასიათებელთ შესახებ. მსოფლიო მასშტაბით ხის სახეობათა დათვლა ფაზლს ჰგავს, რომლის ნაჭრებიც მთელ მსოფლიოშია გაბნეული“, — ამბობს პერდიუს უნივერსიტეტის რაოდენობრივი ტყის ეკოლოგი ჯინჯინგ ლიანგი.

ამ შემთხვევაში, ფაზლი შედგებოდა ხეების ორი ვრცელი, ერთმანეთთან შეჯერებული მონაცემთა კრებულისგან. ერთი Global Forest Biodiversity Initiative-ს ეკუთვნოდა, რომლის კოორდინატორიც ლიანგია, მეორე კი TreeChange-ს.

მონაცემთა შეგროვების პროექტი ხეების კატალოგიზაციის საველე სამუშაოების მრავალწლიან შრომას აერთიანებს. ადგენენ ხის სახეობათა მონაცემთა ბაზებს პლანეტის 100 x 100 კილომეტრიანი უჯრედებისთვის.

სტატისტიკური კორექტირებით, რომელიც ითვალისწინებს ბიომების შედარებით სიმდიდრეს სხვადასხვა რეგიონში, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ დედამიწაზე ჯერ კიდევ აღმოუჩენელია ხის დაახლოებით 9200 სახეობა. თუმცა, ისინი სრულად აცნობიერებენ, რომ ეს შეფასება არასრულ მონაცემებს ეფუძნება, მათ შორის ისეთ ზონებს, სადაც ხის სახეობათა აღრიცხვა და ანალიზი შეზღუდულია.

მიუხედავად ამისა, ანალიზები მნიშვნელოვან ახალ ცნობებს გვაწვდის მსოფლიოში ხეების გადანაწილებისა და გავრცელების შესახებ.

„ჩვენი შეფასებები და კონტინენტური მასშტაბები აჩვენებს, რომ დედამიწაზე ხის სახეობათა დაახლოებით 43 პროცენტი სამხრეთ ამერიკაშია, შემდეგ მოდის ევრაზია (22 პროცენტი), აფრიკა (16 პროცენტი), ჩრდილოეთ ამერიკა (15 პროცენტი) და ოკეანეთი (11 პროცენტი)“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

მათივე განცხადებით, ყველაზე მეტი აღმოუჩენელი სახეობა სავარაუდოდ სამხრეთ ამერიკაშია.

მკვლევართა ვარაუდით, სამხრეთამერიკული აღმოუჩენელი სახეობები ყველა აღმოუჩენელი სახეობის 40 პროცენტს უნდა შეადგენდეს. ასევე სამხრეთ ამერიკაშია თავმოყრილი იშვიათ სახეობათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (დაახლოებით 8200 სახეობა) და ენდემურ სახეობათა უდიდესი წილი (49 პროცენტი).

„გარდა სამხრეთ ამერიკაში ჩვენთვის ცნობილი 27 000 ხის სახეობისა, იქ შეიძლება კიდევ 4000-ზე მეტი სახეობა იყოს აღმოუჩენელი. ამიტომ, სამხრეთ ამერიკაში ტყის კონსერვაცია პირველი ხარისხის ამოცანა უნდა იყოს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ტროპიკული ტყეების ამჟამინდელ კრიზისს, რასაც ანთროპოგენური გავლენა იწვევს, მაგალითად, ჩეხვა, ხანძრები და კლიმატის ცვლილება“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის სატყეო ეკოლოგი პიტერ რაიხი.

ბოლო წლებში ეს კრიზისი უფრო აშკარად მტკივნეული გახდა; მკვლევართა განცხადებით, გადაუდებლად აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ ხეების ნამდვილი მრავალფეროვნება, რათა უკეთ დავიცვათ საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები სახიფათო ცვლილებებისგან.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.