ავსტრალიაში, ულურუს მთაზე, აქამდე უცნობი სახეობის მცენარე აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ავსტრალიაში, ულურუს მთაზე, აქამდე უცნობი სახეობის მცენარე აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ავსტრალიაში, სახელგანთქმულ ულურუს გიგანტურ კლდეზე მეცნიერებმა მცენარის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მათი განცხადებით, აღმოჩენა იმდენად მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში რომ მხოლოდ ერთხელ შეესწრები. ირკვევა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს მცენარე ჩვენ თვალწინ იმალებოდა.

ახლად აღმოჩენილ მცენარეს Ficus desertorum-ი, იგივე უდაბნოს ლეღვი უწოდეს. აქამდე მიიჩნეოდა, რომ ის Ficus brachypoda-ს ქვეკატეგორია იყო, ლეღვის ხის სახეობის, რომელიც უხვად გვხვდება ჩრდილოეთ და ცენტრალურ ავსტრალიაში.

ახლო დათვალიერებამ ცხადყო, რომ სინამდვილეში ის ცალკეული, განსხვავებული სახეობაა, საკუთარი, განსხვავებული რეგიონული გავრცელების არეალით. ამას ყველაზე ნათლად მეტყველებს ფოთლები: ისინი უფრო გლუვი, ვიწრო და სქელია, ვიდრე ლეღვთან მონათესავე ტიპების.

„ავსტრალიის მასშტაბის ჰერბარიუმის კოლექციის დეტალურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ ცენტრალური ავსტრალიის პოპულაციები მორფოლოგიურად მართლაც განსხვავდებიან უფრო ჩრდილოეთ და დასავლეთ პოპულაციებისგან“, — ამბობს ახალი სამხრეთ უელსის ეროვნული ჰერბარიუმის ბოტანიკოსი რასელ ბარეტი.

მისი განცხადებით, ეს ლეღვები მნიშვნელოვანი სახეობებია ცენტრალური ავსტრალიის აბორიგენი მოსახლეობისთვის, რომლებიც მათ საკვებად, თავშესაფრისთვის და სპირიტუალური მიზნებისთვის იყენებენ. ისტორიულად, ისინი იმდენად მნიშვნელოვანი იყო მთელი საზოგადოებისთვის, რომ მათი დაზიანება სიკვდილით ისჯებოდა.

ცენტრალური ავსტრალიის მიწის საბჭოსთან გამართული კონსულტაციებისას იმსჯელეს, იყო თუ არა ახალი სახეობებისთვის უფრო შესაფერისი იმ სახელის მინიჭება, რომელსაც აბორიგენი მოსახლეობა იყენებს. თუმცა, ვინაიდან ამ ხეს სხვადასხვა ადგილობრივ ენებში ძლიერ სხვადასხვა სახელები ჰქვია, საბოლოოდ უფრო სტანდარტული სამეცნიერო სახელი შეურჩიეს.

ამას გარდა, Ficus desertorum-ი ხაზს უსვამს, რამდენად უჩვეულოა ასეთი ლეღვის აღმოჩენა უდაბნო გარემოში.

ლეღვის ხის ახლად იდენტიფიცირებული სახეობა ასევე გვხვდება ცენტრალური ავსტრალიის სხვა მაღლობებზე, მათ შორის კატა-ტიუტასა და კარლუ-კარლუში. იზრდება მოშიშვლებულ კლდოვან ადგილებში და ჭების გარშემო, მის ჩრდილს კი პატარა ცხოველები, ფრინველები და ლოკოკინები იყენებენ.

„ახალი სახეობის გამოვლენა მეცნიერებაში ყოველთვის ამაღელვებელია, მაგრამ ასეთი რამის ულურუს მთაზე პოვნა ისეთი მოვლენაა, რომელიც შეიძლება, შენს სიცოცხლეშიც არ მოხდეს. ლეღვები გრძელი ფესვებით გამოირჩევიან, რომლებიც წყალს ეძებენ და ამ ახალმა სახეობამ ეს ხელოვნება სრულყო“, — ამბობს ბარეტი.

მისივე განცხადებით, ფესვები კლდის ბზარებს 40 მეტრ სიგრძეზე მიუყვება, რათა კლდის სიღრმეში დამალულ წყალს მისწვდეს; სწორედ ასე უძლებს უდაბნოს ლეღვი ავსტრალიის შუაგულის მშრალ, მკაცრ გარემოს.

მსოფლიოში ლეღვის 750 სახეობაა, რომელთაგან დაახლოებით ორი-მესამედი აზიასა და ავსტრალიაში გვხვდება; მათ შორის, ავსტრალიაში 43 ადგილობრივი სახეობაა.

ეს ლეღვები ოდითგანვე უმნიშვნელოვანესი იყო ავსტრალიის ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგან ძვირფას საკვებს სთავაზობდა განსაკუთრებით მშრალ გარემოში. თუმცა, ამ მცენარეთა სრულად კატალოგიზაცია რთულია, რადგან გავრცელებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ძირითადად მიყრუებულ, კლდოვან ზონებში.

ახალ სახეობათა აღმოჩენა მეცნიერებს კონსერვაციის თვალსაზრისით ეხმარება. როდესაც სახეობის იდენტიფიცირება მეცნიერულად ხდება, გაცილებით ადვილდება მისი მონიტორინგი და კონტროლი.

კვლევა ჟურნალ Telopea-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი