ირმის ნახტომის გარკვეული რეგიონების იდუმალ ნათებას ალმასის მტვერი იწვევს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
ასტრონომებმა დიდი ხანია იციან, რომ ამ მკრთალი შუქის, იგივე ანომალიური მიკროტალღური გამოსხივების (AME) გამომწვევი ციცქნა, სწრაფად მბრუნავი ნაწილაკებია. თუმცა, ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა კონკრეტული დამნაშავის პოვნა.
ახალი კვლევის ფარგლებში, მკვლევრები გრინ-ბენკისა და ავსტრალიის კომპაქტურ ტელესკოპთა წყებით დააკვირდნენ ირმის ნახტომის 14 ახლად დაბადებულ ვარსკვლავურ სისტემას. მათი მიზანი ანომალიური მიკროტალღური გამოსხივების პოვნა იყო. ეს სიგნალები მკვლევრებმა სამ სისტემაში სამ სისტემაში შენიშნეს. ისინი მოდიოდა ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი გაზისა და მტვრის დისკოდან, რომელშიც იბადება პლანეტები.
კვლევის თანაავტორის, გრინ-ბენკის ობსერვატორიის ასტრონომის, დევიდ ფრაიერის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ანომალიური მიკროტალღური გამოსხივება პროტოპლანეტურ დისკოში დააფიქსირეს.
გარდა ამისა, ამავე სისტემებში ჯგუფმა ასევე დააფიქსირა ნანოალმასების უნიკალური ინფრაწითელი სინათლის კვალი. ნანოალმასები ნახშირბადის ციცქნა ნაწილაკებია, ქვიშის მარცვლებზე პატარა.
კვლევის ავტორის, ჯეინ გრივისის განცხადებით, ასეთი კვალი იმდენად იშვიათია, რომ ინფრაწითელი ხელწერა ამ დრომდე არც ერთ სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავთან არ დაუფიქსირებიათ.
მკვლევართა თქმის, ეს შემთხვევითი სულაც არ არის.
„შერლოკ ჰოლმსის მეთოდის მსგავსად, გამოვრიცხეთ ყველა სხვა მიზეზი და ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიკროტალღური ნათების წარმოქმნის საუკეთესო კანდიდატი ახლად წარმოქმნილი ვარსკვლავის გარშემო არსებული ნანოალმასებია“, — ამბობს გრივისი.
ჯგუფის შეფასებით, ამ დისკოების მთლიანი ნახშირბადის ოდენობის 2 პროცენტს ნანოალმასები შეადგენს.
ანომალიური მიკროტალღური გამოსხივების წყაროს კიდევ ერთი მთავარი კანდიდატია ორგანული მოლეკულა, რომელსაც პოლიციკლურ არომატულ ნახშირწყალბადებს უწოდებენ (PAH). მათი თქმით, ამ ნაერთთან დაკავშირებული ინფრაწითელი ხელწერა დაფიქსირებულია მრავალ ახალგაზრდა ვარსკვლავურ სისტემაშია დაფიქსირებული, მაგრამ იქ ამ დრომდე არ შეუნიშნავთ ანომალიური მიკროტალღური გამოსხივება.
ჯგუფის წევრთა განცხადებით, მიღებული შედეგები მათ დიდად დაეხმარება სამყაროს ადრეული დღეების უკეთ შესწავლაში. მეცნიერთა აზრით, დიდი აფეთქებისთანავე, სამყარო სინათლის სიჩქარეზე გაცილებით სწრაფად ფართოვდებოდა. თუ ეს მართლაც ასე იყო, უნდა დარჩენილიყო ნაკვალევი, რომლის დაფიქსირებაც პოტენციურად შესაძლებელია — კოსმოსური მიკროტალღური ფონის ჭარბი პოლარიზაცია. ეს ფონი წარმოადგენს დიდი აფეთქების შედეგად დარჩენილ უძველეს სინათლეს.
მის საპოვნელად ასტრონომები დიდი ხანია იბრძვიან, მაგრამ ამაოდ.
მეცნიერთა განცხადებით, ეს კვლევა უმნიშვნელოვანეს ცნობებს აწვდის იმ ასტრონომებს, რომლებიც კოსმოსური მიკროტალღური ფონის პოლარიზაციას სწავლობენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მბრუნავი ნანოალმასების სიგნალები ყველაზე სუსტად უნდა იყოს პოლარიზებული.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.