ჩუღურეთის გამგებელი - აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი თითქმის ჩამქრალია, გავრცელების საფრთხე არ არსებობს
აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი თითქმის ჩამქრალია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
მისი ინფორმაციით, შენობაში არავინ იმყოფებოდა, ხანძრის გაჩენის მიზეზს კი სამართალდამცველები დაადგენენ.
„სამწუხაროდ, ხანძარი გაუჩნდა ერთ-ერთ გამორჩეულ შენობას თბილისში. ეს არის ისტორიული ძეგლი. მობილიზებულია ქალაქის ყველა სამსახური. დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაშია ლიკვიდაცია. თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ ხანძარი თითქმის ჩამქრალია. კარგი ის არის, რომ ამ შენობაში არავინ ცხოვრობს. ძალიან მალე გვაცნობენ კრიმინალისტები ხანძრის გაჩენის მიზეზს. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის. საგანგებო სამსახური მალე მორჩება მუშაობას. შენობა, როგორც ვიცი, სახელმწიფო საკუთრებაშია“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი ლოკალიზებულია.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.
ადგილზე 12 სახანძრო მუშაობდა.