ჩინეთში აცხადებენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო იაპონური პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტიანი აღმოჩნდა
ჩინეთში აცხადებენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო იაპონური პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტიანი აღმოჩნდა

ჩინეთის ჯანდაცვის სექტორის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობაში ეფექტიანი აღმოჩნდა პრეპარატი, რომელსაც იაპონიაში გრიპის ახალი შტამების სამკურნალოდ იყენებენ. ამის შესახებ იაპონური მედია იუწყება.

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ბიოტექნოლოგიების განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ჟანგ სინმინის განცხადებით, ანტივირუსულმა პრეპარატმა ფავიპირავირმა, რომელიც იაპონური კომპანია Fujifilm-ის შვილობილმა ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შექმნა, იმედისმომცემი შედეგები აჩვენა უხანსა და შენჟენში 340 პაციენტზე ჩატარებული კლინიკური ცდებისას.

როგორც ჟანგმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეპარატს აქვს უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებელი და აშკარად ეფექტიანია მკურნალობაში.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (NHK) ცნობით, უხანში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებს, რომლებსაც პრეპარატი მისცეს, ტემპერატურა ნორმალურ ნიშნულზე 2,5 დღეში დაუბრუნდათ, მათ კი, ვისაც ამ წამლით არ უმკურნალეს, 4,2 დღეში.

გარდა ამისა, ჟანგი აცხადებს, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტებმა ხველა საშუალოდ 4,57 დღეში დაძლიეს, პრეპარატის გარეშე კი 5,89 დღეში. მისივე თქმით, მედიკამენტმა რაიმე აშკარა გვერდითი ეფექტები არ აჩვენა.

ჟანგ სინმინის განცხადებით, ჟენშენში ჩატარებული ცდებისას აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულ პაციენტებს მედიკამენტის მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ ტესტმა ინფექციაზე უკვე უარყოფითი პასუხი უჩვენა, პრეპარატის გარეშე კი უარყოფითი პასუხის მიღებას საშუალოდ 11 დღე დასჭირდა.

გარდა ამისა, ფავიპირავირით ნამკურნალებ პაციენტთა 91 პროცენტში ფილტვების მდგომარეობის გაუმჯობესება რენტგენულმა კვლევებმაც დაადასტურა; იმ პაციენტებში კი, რომლებსაც ამ პრეპარატით არ მკურნალობდნენ, ეს მაჩვენებელი 62 პროცენტი აღმოჩნდა.

პრეპარატი ფავიპირავირი, რომელიც ავიგანის სახელითაც არის ცნობილი, 2014 წელს კომპანია Fujifilm Toyama Chemical-მა შექმნა.

The Guardian-ის ცნობით, კორონავირუსის მსუბუქი და საშუალო სიმპტომების მქონე პაციენტებში ამავე პრეპატრატს კლინიკურ კვლევებში იაპონიაშიც იყენებენ.

იაპონური გამოცემა Mainichi Shimbun-ის ცნობით, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროდან მას ანონიმურმა წყარომ აცნობა, რომ პრეპარატი არც ისე ეფექტიანი აღმოჩნდა მწვავე სიმპტომების მქონე პაციენტებში.

2016 წელს, იაპონიის ხელისუფლებამ ფავიპირავირი გადაუდებელი გამოყენებისთვის ებოლასთან საბრძოლველად გაუგზავნა გვინეას.

COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში ამ პრეპარატის ფართო მასშტაბით გამოყენებას მთავრობის ნებართვა სჭირდება, რადგან მედიკამენტი გრიპის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი.

მომზადებულია The Guardian-ისა და nhk.or.jp-ის მიხედვით.