ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერისთვის დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებას მხარი დაუჭირა
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერისთვის დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებას მხარი დაუჭირა

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშისთვის დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებას მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას სხდომაზე მყოფი 180 დეპუტატიდან 111-მა დაუჭირა მხარი.

საკუთარი თავისთვის იმუნიტეტის გაუქმებას თავად ბაბიშმაც დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 69 კანონმდებელი იყო.

იმუნიტეტის გაუქმება, ფაქტობრივად, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას გულისხმობს. ანდრეი ბაბიში ფინანსურ მაქინაციებშია ეჭვმიტანილი.

ოქტომბერში ბაბიშის ცენტრისტულმა მოძრაობა ANO-მ ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად 200-ადგილიან პარლამენტში 78 ადგილი მოიპოვა, თუმცა პარლამენტში მოხვედრილი რვა პარტიიდან დანარჩენებმა უარი თქვეს ბაბიშის პარტიასთან სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებაზე.

მიმდინარე კვირას ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა.

მოძრაობა ANO 2011 წელს მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა დაარსა, რომელიც ყოფილ მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2017 წლის მაისში გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდების გამო, ის იძულებული იყო, ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დაეტოვებინა.

მოგვიანებით, პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი გაუუქმა. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ევროკავშირისგან ორი მილიონი ევროს ოდენობის სუბსიდიების მიღების საქმეში ბაბიშს თაღლითობაში წაუყენეს ბრალი.

ანდრეი ბაბიში ჩეხეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს. ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება ოთხ მილიარდ დოლარად შეაფასა. დასავლური მედია ბაბიშს სკანდალური განცხადებების გამო ჩეხ ტრამპსაც კი უწოდებს