რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სტანდარტებს ამაღლებს, დაუკავშიროს სახელებსა და გვარებს
რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სტანდარტებს ამაღლებს, დაუკავშიროს სახელებსა და გვარებს

ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სტანდარტებს ამაღლებს, დაუკავშიროს სახელებსა და გვარებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკასთან დაკავშირებით ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ყოველთვის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით იღებს.

„ამით კარგად ჩანს, რომ მათი რეალური ამოცანა არის პარტიული ინტერესების შესრულება, დაკმაყოფილება და არა სახელმწიფოებრივი მოტივებით, მიდგომებით გადაწყვეტილების მიღება. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არა პარტიული ინტერესებიდან. ეს არის არსებითი სხვაობა, რომელიც აქვს „ოცნებას“ და რადიკალურ ოპოზიციას. მაგრამ როგორც არ უნდა ეცადოს, რა ნარატივის შექმნითანაც არ უნდა ეცადოს, რაც არ უნდა იყოს ინტერესი „ნაციონალური მოძრაობის“, ყოველთვის იქნება ფუჭი, რადგან საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ, რომ პრიორიტეტი არის სახელმწიფო და არა პარტია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ან სამუშაო ადგილის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმი იცვლება.

შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ინიციატორია ფრაქცია „ქართული ოცნება“.