ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი 2018 წლის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი 2018 წლის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი 2018 წლის 12-13 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ინფორმაციას თავად პრეზიდენტი ადასტურებს. ზემანის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი კანდიდატურის მხარდამჭერი 113 ათასი ხელმოწერა მიიღეს.

„მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩემს მხარდასაჭერ პეტიციას ხელი მოაწერა. ზოგიერთმა მათგანმა თბილი სიტყვებიც მომწერა. სულ 113 ათასი ხელმოწერა შეგროვდა. ხუთი წლის წინ მსგავს პეტიციას ხელი 106 ათასმა ადამიანმა მოაწერა“,- განაცხადა ზემანმა.

საპრეზიდენტო არჩევნებში დღეს მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო დღე იყო. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ოფიციალურად 10 კანდიდატია დარეგისტრირებული.

მილოშ ზემანი ცნობილია სკანდალური გამოსვლებით. ერთ-ერთი ბოლო სკანდალური განცხადება მან რამდენიმე კვირის წინ, უკრაინასთან დაკავშირებით გააკეთა.

ჩეხეთის პრეზიდენტმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ინიციატივა წამოაყენა უკრაინისთვის ყირიმის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდის შესახებ .

„ყირიმი ანექსირებულია, ეჭვგარეშეა, თუმცა ეს დასრულებული საქმეა“,- განაცხადა მაშინ ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მთავრობა პრეზიდენტის შეხედულებას არ იზიარებს.