ჩეხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წლის აფეთქების მიზეზთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს, რომლებიც დეტალურად უნდა გამოიძიონ
ჩეხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წლის აფეთქების მიზეზთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს, რომლებიც დეტალურად უნდა გამოიძიონ

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი აცხადებს, რომ საბრძოლო მასალების საწყობში 2014 წლის აფეთქების მიზეზთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს და ორივე მათგანი უნდა იქნას გამოძიებული. ამის შესახებ მილოშ ზემანმა წინასწარ ჩაწერილ ტელემიმართვაში განაცხადა. მილოშ ზემანის თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქებაში უცხოური სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, მეორე ვერსიის თანახმად კი, აფეთქება ტყვია-წამალთან დაუდევარმა მოპყრობამ გამოიწვია.

„მე ორივე თეორიას სერიოზულად მივიჩნევ და ვისურვებ, რომ ორივე მათგანი დეტალურად იქნას გამოძიებული“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა, რომელიც ცნობილია პრორუსული განცხადებებით.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ არსებობს კარგად დასაბუთებული ეჭვები, რომ აფეთქებასთან კავშირი აქვს რუსეთის სამხედრო დაზვერვას „გრუს“. მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების დიდი ნაწილის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთის საპასუხო ზომები მოჰყვა. ამასთან, ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გააძევა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ბალტიის სახელმწიფოებმა.

2014 წელს ვრბეტიცეში მდებარე საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებას ორი ადმიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.