პრაღაში ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის ინაუგურაცია გაიმართა
პრაღაში ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის ინაუგურაცია გაიმართა

პრაღაში ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის ინაუგურაცია გაიმართა. ზემანმა 27 იანვარს გამართულ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ხუთწლიანი ვადით დაიკავა. მან არჩევნებში ხმების 51%-ზე მეტი მოიპოვა და თავისი მთავარი მეტოქე მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე ირჟი დრაჰოში დაამარცხა.

პრაღის სასახლეში 73 წლის მილოშ ზემანის ინაუგურაციის ცერემონიას 700-მდე საპატიო სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის პარლამენტის წევრები, მინისტრები, მოსამართლეები, დიპლომატები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინაუგურაციის დროს მილოშ ზემანი სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც მედია გააკრიტიკა, ამის გამო მემარცხენე პარტიების ლიდერებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას უჭერს მხარს. ერთ-ერთი ასეთი განცხადება ბოლოს მან ნოემბერში, მოსკოვში ვიზიტისას გააკეთა. მანამდე, 2017 წლის ოქტომბერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მომხდარი ფაქტი უწოდა და ნახევარკუნძულის სანაცვლოდ უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდის ინიციატივით გამოვიდა.

დიდ ბრიტანეთში „ბრექსითის“ რეფერენდუმის შემდეგ, მილოშ ზემანმა მოითხოვა ევროკავშირსა და ნატო-ში ჩეხეთის წევრობის შესახებ რეფერენდუმის გამართვა, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ ის თავად ორივე ორგანიზაციაში დარჩენის მომხრეა.

ჩეხეთის ევროსკეპტიკოსი პრეზიდენტი ასევე აკრიტიკებს ბრიუსელის საიმიგრაციო პოლიტიკას.