ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია „ხიმინჯ სერვის 2“- ის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია „ხიმინჯ სერვის 2“- ის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს, – ამის შესახებ კომპანიის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ გამოკვეთილი არაა, რა დარღვევაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა მისი თქმით, კომპანიამ მაქსიმალური გააკეთა, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო.
„საბოლოო დასკვნას დაველოდებით და დავეყრდნობით დოკუმენტს, რის მიხედვითაც გავაკეთებთ განცხადებას. იყო თუ არა დაცული უსაფრთხოება, ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა მე რა ინფორმაციაც მაქვს, ხელთ არსებული საბუთებისა და კონსტრუქციის ნახაზების მიხედვით, უსაფრთხოება შეძლებისდაგვარად იყო დაცული, თუმცა სად იყო შავი ხვრელები, ამას ექსპერტიზის დასკვნა დაადგენს. ვაპირებთ გამოძიებასთან თანამშრომლობას.
შრომითი უსაფრთხოების კულტურა საქართველოში სამწუხაროდ, არ არის. რომ დავიცვათ რაიმე ნორმა, ამის შესაბამისი დოკუმენტი უნდა არსებობდეს, ვგულისხმობ კერძო შეკვეთას. თუ ეს დოკუმენტი არ არსებობს, უსაფრთხოების დაცვის შესაბამის კონსტრუქციასთან მიმართებაში მე გამიჭირდება მისი დაცვა. ეს არის კომპლექსური პრობლემა, თუმცა მიმაჩნია, რომ შესაძლოა, რაღაც დარღვევებთან გვქონდეს საქმე. შეიძლება დამკვეთის მხრიდან არაა საჭირო დოკუმენტი მიწოდებული, მაგრამ შემსრულებელი პირდაპირაა პასუხისმგებელი იმაზე, რა შედეგიც დადგა. ამას ვერ გავექცევით.
შემსრულებელი პირდაპირ არის პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რაც დადგა, ამას ვერ გავექცევით. უსაფრთხოება ბოლომდე დაცული რომ ყოფილიყო, დამიჯერეთ, არ მოხდებოდა ეს ამბავი. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც მე გამაჩნია, უსაფრთხოებასა და ადამიანური რესურსის დაცვაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა არის „ხიმიჯ სერვისზე“. ამის უარყოფა იქნება არასწორი“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.
კომპანია „ტრანსმშენი“, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N5-ში მშენებლობას ახორციელებს, მზადაა, სამშენებლო ობიექტზე გუშინ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს. როგორც საქართველოს პირველ არხს კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა, მიხეილ გვარამაძემ განუცხადა, უშუალოდ უბედური შემთხვევის ადგილზე კომპანიის ქვეკონტრაქტორი „ხიმინჯ სერვის 2“ მუშაობდა, რომელიც მიმდინარე სამუშაოებსა და უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.