„სიონის“ იუბილარი ვეტერანები დააჯილდოეს #1TVSPORT
„სიონის“ იუბილარი ვეტერანები დააჯილდოეს #1TVSPORT

ბოლნისის „სიონის“ ისტორიაში გამორჩეულ მოთამაშეებს გიორგი ყიფშიძესა და ჯონი ჯაგიდისს 60 წელი შეუსრულდათ. ვეტერან ფეხბურთელებს იუბილე ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ მიულოცეს.

ყიფშიძესა და ჯონი ჯაგიდისს იუბილე ქვემო ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გია ტუხაშვილმა და „სიონის“ ხელმძღვანელობამ მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

გიორგი ყიფშიძე ცენტრალური მცველი იყო და გუნდს წლების განმავლობაში კაპიტნობდა. ჯონი ჯაგიდისი თავდამსხმელი გახლდათ და „მრეტებში“ გატარებულ მცირე პერიოდს თუ არ ჩავთვლით, დანარჩენი კარიერა ბოლნისის „სიონში“ გაატარა.

ორივე მათგანი გასული საუკუნის 90-იან წლებში გუნდის ლიდერი იყო და მათი დამსახურებაა, გუნდი 1995 წელს ეროვნულ ლიგაში რომ გადავიდა. ამის შემდეგ ბოლნისელები 21 წელი ასპარეზობდნენ. გუნდი ლიგიდან გავარდა, მაგრამ დაბრუნდა და ეროვნულ ლიგაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს.

ორივე იუბილარი „სიონში“ დღესაც საქმიანობს – ჯაგიდისი სპორტული დირექტორია, ყიფშიძე კი, მთავარი მწვრთნელი იყო, ახლა კი 19-წლამდელთა გუნდის ავარჯიშებს.