ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიისას დაშავებულ მოზარდს კლინიკიდან დღეს გაწერენ
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული 14 წლის გოგონა იაშვილის სახელობის კლინიკის ნევრო-მეცნიერულ განყოფილებაში რჩება.
მოზარდი მკურნალობას თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით გადის. როგორც კლინიკის ბავშვთა ნევროლოგმა, თეონა შათირიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას დღის მეორე ნახევარში გაწერენ.
„პაციენტი, 14 წლის გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით. დილისთვის მისი მდგომარეობა არის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი. ჩვენთან გადის მეთვალყურეობას. 24 საათში გაეწერება, რადგან თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანება კომპიუტერული ტომოგრაფიით გამორიცხულია. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, ამ ეტაპზე ჩივილი არ აქვს“,- განაცხადა ბავშვთა ნევროლოგმა თეონა შათირიშვილმა.
იაშვილის კლინიკაში, ავარიის შედეგად დაშვებული კიდევ ერთი მცირეწლოვანი გადაიყვანეს. ბავშვი მედიკოსებმა ბინაზე გუშინვე გაწერეს.
ამასთან, მცხეთის საავადმყოფოშია მოთავსებული ავარიის დროს დაშავებული კიდევ ოთხი მოზარდი. მათ გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ. სამი მათგანი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სოფელ ფერმასთან სატვირთო ავტომობილს გუშინ შეეჯახა. ავარიის დროს დაიღუპა ერთი ახალგაზრდა, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი, ხოლო დაშავდა 13 ადამიანი.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.