„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულთა მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
კომპანია „ცენტრ-პოინტს“, „m2“-სა და დაზარალებულ მენაშენეებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების ნაწილისა და თბილისის პროკურორის მოადგილის, მერაბ ჯერანაშვილის შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც დღეს შედგა.
პროკურორის მოადგილესთან შეხვედრაზე კომპანია „ცენტრ-პოინტსა“ და კომპანია „m2“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე ისაუბრეს. სამმხრივ შეხვედრაზე კი, კომპანიის დაუსრულებელი ობიექტების საკითხს განიხილავენ.
დაზარალებული მენაშენეების ნაწილის განცხადებით, ისინი არანაირ დოკუმენტს არ მოაწერენ ხელს, თუ პროცესში მშენებელ კომპანიად კვლავ „ცენტრ-პოინტი“ იქნება წარმოდგენილი. ასევე, მათი განცხადებით, ყველა შეთანხმება, ოფიციალურად, დოკუმენტალურად უნდა იყოს გაფორმებული.
ამასთან, დაზარალებულები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, გამოძიების შეწყვეტასა და მსჯავრდებულ რუსუდან კერვალიშვილთან და მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ დათანხმდებიან.
კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, თუ ექვსი თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, „m2“ „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს. დაახლოებით 4 000 ოჯახი ბინებით 3 წლის განმავლობაში, ეტაპობრივად დაკმაყოფილდება.