ცეფალოპოდისთვის ინტელექტზე ჩატარებული ახალი ტესტი კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენ, ადამიანებს, იმის მნიშვნელობას, რომ ცხოველთა ინტელექტი სათანადოდ შევაფასოთ.
მელანთევზს (თავფეხიანების, იგივე ცეფალოპოდების კლასის წარმომადგენელი) ე. წ. ზეფირის ტესტის ახალი ვერსია ჩაუტარეს; შედეგები მიუთითებს, რომ მათ პატარა ტვინში იმაზე ბევრი რამ ხდება, ვიდრე აქამდე ვიცოდით.
მკვლევართა განცხადებით, მელანთევზი შეიძლება სწავლისა და ადაპტაციის უნარმა განავითარა ისე, რომ გადარჩენილიყო იმ გარემოში, სადაც ან შეჭამ, ან შეგჭამენ.
ზეფირის ტესტი, იგივე სტენფორდის ზეფირის ექსპერიმენტი საკმაოდ მარტივია. ბავშვი შეჰყავთ ოთახში, რომელიც ზეფირები ალაგია. ეუბნებიან, რომ თუ 15 წუთის განმავლობაში ზეფირს არ შეჭამენ, მეორე ზეფირსაც მისცემენ.
სიამოვნების გადადების უნარი წარმოაჩენს ისეთ კოგნიტურ უნარებს, როგორიც არის მომავლის დაგეგმვა; თავდაპირველად ეს ექსპერიმენტი ჩაატარეს იმის შესასწავლად, როგორ ვითარდება ადამიანის შემეცნება, კონკრეტულად კი რა ასაკშია ადამიანი საკმარისად ჭკვიანი, რათა გადადოს სიამოვნება მომავალში უფრო დიდი სიამოვნებისთვის.
ასეთი სიმარტივის გამო, ამ ტესტის მორგება ცხოველებზეც არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ცხოველს ვერ ეტყვი, რომ თუ მოითმენს, უკეთეს ჯილდოს მიიღებს, მაგრამ შეგიძლია ის ისე გაწვრთნა, რათა გაიგოს, რომ თუ საკვებს არ შეჭამს, სულ მალე წინ უკეთესი საკვები დახვდება.
ამ ტესტში სიამოვნების გადადების უნარი აჩვენა ზოგიერთმა პრიმატმა და ძაღლებმა, მაგრამ შეუსაბამოდ. ტესტი ჩააბარეს ყორნისებრებმაც.
შარშან ზეფირის ტესტის ვერსია ჩააბარა მელანთევზმაც. მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ჩვეულებრივ მელანთევზს (Sepia officinalis) შეუძლია დილით თავი შეიკავოს კიბორჩხალის შეჭმისგან მას შემდეგ, რაც მათ ისწავლეს, რომ სადილზე ელოდებათ რაღაც ისეთი, რაც უფრო უყვართ — კრევეტი.
თუმცა, მკვლევართა ჯგუფი კემბრიჯის უნივერსიტეტის ქცევითი ეკოლოგის, ალექსანდრა შნელის ხელმძღვანელობით პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ძნელია იმის განსაზღვრა, იყო თუ არა განპირობებული საკვების მოპოვების ქცევაში მსხვერპლზე ხელმისაწვდომობის პასუხად მომხდარი ეს ცვლილება თვითკონტროლის უნარით.
ამიტომ, მათ კიდევ ერთი ტესტის ჩატარება გადაწყვიტეს, ამჯერად ექვს ჩვეულებრივ მელანთევზზე. მელანთევზი სპეციალურ ავზში მოათავსეს, რომელსაც ორი დახურული კამერა ჰქონდა გამჭვირვალე კარებით, ისე, რომ ცხოველს მათ შიგნით საგნების დანახვა შეეძლო.კამერებში მოთავსებული იყო საკვები — ერთში მათთვის ნაკლებად საყვარელი კიბორჩხალა, მეორეში კი გაცილებით მაცდური, ცოცხალი კრევეტი.
კარებს ასევე ჰქონდა სიმბოლოები, რომელთა ამოცნობაზეც მელანთევზი გაწვრთნეს. წრე ნიშნავდა რომ კარი მაშინვე გაიღებოდა. სამკუთხედი ნიშნავდა, რომ კარი დაახლოებით 10-13 წამის შემდეგ გაიღებოდა. კვადრატი კი, რომელსაც მხოლოდ საკონტროლოდ იყენებდნენ, ნიშნავდა, რომ კარი განუსაზღვრელი დროით დარჩებოდა დაკეტილი.
სატესტო გარემოში კიბორჩხალა ღია კარს უკან მოათავსეს, ცოცხალი კრევეტი კი მხოლოდ მოთმინების დროის შემდეგ იყო ხელმისაწვდომი. თუ მელანთევზი კიბორჩხალას აიღებდა, კრევეტს დაუყოვნებლივ აცლიდნენ.
ამასობაში, საკონტროლო ჯგუფში კრევეტი მიუწვდომელი იყო კვადრატის სიმბოლოს მქონე კარს უკან, რომელიც არ იღებოდა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სატესტო გარემოში მყოფი ყველა მელანთევზი უკეთესი საკვების გულისთვის (კრევეტი) იცდიდა, მაგრამ ასე არ იქცეოდნენ საკონტროლო ჯგუფში, სადაც ისინი მას მაინც ვერ იღებდნენ.
„ახალ კვლევაში ყველა მელანთევზმა არჩია, რომ 50-130 წამით მოეცადათ უკეთესი ჯილდისათვის, რაც ზუსტად უტოლდება უფრო დიდტვინიან ხერხემლიანებში, მაგალითად, შიმპანზეებში, ყვავებსა და თუთიყუშებში დაფიქსირებულ შედეგებს“, — ამბობს შნელი.
ექსპერიმენტის კიდევ ერთი ნაწილი იყო იმის შემოწმება, რამდენად კარგად სწავლობდა ექვსი მელანთევზი. მათ ორი სხვადასხვა ვიზუალური სტიმული უჩვენეს — რუხი და თეთრი კვადრატი. როდესაც ისინი ერთს უახლოვდებოდნენ, მეორეს ავზიდან იღებდნენ; თუ ისინი „სწორ“ არჩევანს გააკეთებდნენ, საკვებით აჯილდოებდნენ.
მას შემდეგ, რაც მათ ისწავლეს, რომ კვადრატი ჯილდოსთან იყო კავშირში, მკვლევრებმა სტიმულები შეანაცვლეს, ისე, რომ ჯილდოს სტიმული ახლა სხვა კვადრატი გახდა. საინტერესოა, რომ მელანთევზი, რომელმაც ეს ცვლილება ყველაზე სწრაფად შეისწავლა, სწორედ ის იყო, რომელიც კრევეტის მისაღებად ყველაზე დიდხანს იცდიდა.
ეს მკი სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ მელანთევზს შეუძლია განახორციელოს თვითკონტროლი, მაგრამ უცნობია, რატომ. თუთიყუშებში, პრიმატებსა და ყორნისებრებში სიამოვნების გადავადება დაკავშირებული იყო ისეთ ფაქტორებთან, როგორიც არის იარაღის გამოყენება, საკვების დამალვა და სოციალური უნარიანობა.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მელანთევზი არ იყენებს იარაღებს და არ მალავს საკვებს, არც განსაკუთრებით სოციალურები არიან. მკვლევართა აზრით, სიამოვნების გადავადების უნარი შეიძლება გარკვეულ კავშირში იყოს მელანთევზის მიერ საკვების მოპოვების გზასთან.
„მელანთევზები დროის დიდ ნაწილს კამუფლაჟირებულნი ატარებენ, სხედან და იცდიან, ახასიათებთ საკვების მოპოვების მოკლე პერიოდები“, — ამბობს შნელი.
მისივე თქმით, ნადირობისას ისინი კამუფლაჟებს ამსხვრევენ და შესაბამისად, ხელმისაწვდომი ხდებიან ყველა იმ მტაცებლისთვის, ვისაც მათი შეჭმა უნდა.
„ვვარაუდობთ, რომ სიამოვნების გადავადება შეიძლება ამის ქვეპროდუქტის სახით განუვითარდათ, შესაბამისად, მელანთევზს შეუძლია საკვების მოპოვების ისე ოპტიმიზება, რომ უკეთესი ხარისხის საჭმელი შეარჩიოს“, — აღნიშნავს შნელი.
ეს ყველაფერი კიდევ ერთი მომაჯადოებელი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება განუვითარდეთ მსგავსი ქცევები და შემეცნებითი უნარები ძალიან განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ძალიან განსხვავებულ სახეობებს. მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, რომ სამომავლო კვლევა განსაზღვრავს, მართლაც შეუძლიათ თუ არა მელანთევზებს მომავლის დაგეგმვა.
კვლევა Proceedings of the Royal Society B-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.