ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ თანამშრომელს კითხავს
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ თანამშრომელს, ჯონი გუსოევს კითხავს. მოწმემ 2004 წლის 24 ნოემბრის ღამე გაიხსენა და თქვა, რომ გადაცემა „პატრულის“ პროდიუსერი ქეთი ზოსიტაშვილი და გოჩა მუკბანიანი გადაღებულ მასალას სამონტაჟოში თავად აწყობდნენ.
„ქეთი ხოსიტაშვილი და გოჩა მუკბანიანი ამონტაჟებდნენ ვიდეოს და ქეთიმ თქვა, რა მაგარი ლაივ კადრებია, როგორი ექშენიაო. კადრებში ჩანდა დიდუბის პანთეონი, სადაც ხდებოდა მოქმედება“,- განაცხადა გუსოევმა.
მოწმის განმარტებით, მას 14 წლის წინ სპეცოპერაციის ღამეს, ბრალდებული გურამ დონაძე სამსახურში არ უნახავს. დაცვის მხარის მოწმემ ასევე გაიხსენა გადაცემა „პატრულის“ ყოფილი ჟურნალისტის, ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის გოჩა მუკბანიანის სამსახურიდან წასვლის მიზეზები.
„გოჩა მუკბანიანმა სამსახურის საპირფარეშოში ჩუმად დააყენა სათვალთვალო კამერები, ფაქტის შემდეგ გურამ დონაძემ ის სამსახურიდან გაუშვა“,- განაცხადა მოწმემ.
ჯონი გუსოევი უკვე ერთ საათზე მეტია რაც იკითხება. მისი თქმით, როდესაც ის გადაღებებზე იმყოფებიდა, იღებდა იმას რასაც საჭიროდ თვლიდა, მისთვის გურამ დონაძეს გადაღების თაობაზე მითითება არასოდეს მიუცია.
დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ორი მოწმის დაკითხვას გეგმავს.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასმართლო პროცესები ხუთი წელია რაც მიმდინარეობს. მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთ პირს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს, ზაზა ბაქრაძესა და დავით იაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.