მამუკა ჭაბაშვილი - ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურად იდევნება და ეს რობაქიძის საქმის დეტალებშიც ჩანს
მამუკა ჭაბაშვილი - ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურად იდევნება და ეს რობაქიძის საქმის დეტალებშიც ჩანს

ამ საქმეს რომ პოლიტიკური ელფერი აქვს, ეს დაადასტურეს კვალიფიციურმა ადამიანებმა და ორგანიზაციებმა, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ადვოკატის თქმით, 15 წლის შემდეგ, აღნიშნული საქმის წამოწევა იმას ნიშნავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის კვლავ ციხეში გაშვება სურთ.

„ის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურად იდევნება ამ საქმის დეტალებშიც ჩანს. მიუხედავად იმისა, რა სიხშირით, რა ინტენსიურობით გაიმართება საქმის განხილვა, ჩვენ მივიღებთ საქმეში მონაწილეობას, თუმცა მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ იყენებს სასამართლოს ირაკლი ოქრიაშვილის დევნის იარაღად და შეასრულოს რვა მარტის შეთანხმება. ე. წ. ოქროს მოწმეები ვინც ჰყავდათ და დავკითხეთ, საუბარია დონაძეზე და მიქაძეზე, არც ერთს უთქვამს მსგავსი რამ. დონაძეს საერთოდ არაფერი მოუსმენია ირაკლი ოქრუაშვილისგან. მიქაძემ თქვა, რომ ოქრუაშვილის ზარი აღვიქვი, რომ მე ეს ასე უნდა გამეკეთებინაო, მაგრამ პირდაპირ დამავალა ოქრუაშვილმა ან მითხრა, რომ იქ იარაღები უნდა გაჩნდეს, ასეთი რამ მიქაძესაც არ უთქვამს. 15 წლის შემდეგ, როდესაც საქმეს გადიოდა ხანდაზმულობის ვადა სჭირდებოდათ ისეთი თემა, რომელიც სენსიტიური იქნებოდა და მას მიაბამდნენ ოქრუაშვილს,  რომ როგორმე პატიმრობაში დაეტოვებინათ, ეს იყო ამ საქმის არსი“, – განაცხადა ჭაბაშვილმა.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულების, ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დაიკითხება ორი მოწმე.

ირაკლი ოქრუაშვილი პროცესს არ ესწრება. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.