სოსო რობაქიძე - ოქრუაშვილს არ დავინდობ, წუთი-წუთზე მოიხდის სასჯელს
სოსო რობაქიძე - ოქრუაშვილს არ დავინდობ, წუთი-წუთზე მოიხდის სასჯელს

ბუტა რობაქიძის საქმეში ზურაბ ადეიშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის კვალი დანაშაულის დღეს იკვეთება, –  ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა, რომელიც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით იკითხება.

„24 ნოემბერს, გამთენიისას, როდესაც ბუტა მოკლეს, ადეიშვილისა და ოქრუაშვილის კვალი იკვეთება. მათ აქვთ დანაშაულის გაყალბების, იარაღის ჩადების ბრძანება და ასე შემდეგ. ბუტა ბანდიტად იმიტომ გამოიყვანეს, რომ არ შელახულიყო პატრულის იმიჯი, ნულოვანი ტოლერანტობა, ხელი არ აგიკანკალდეთ და ასე შემდეგ. რეჟიმი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში იყო, გასასამართლებელია და ასევე, გასასამართლებელია ის ხალხი, რომლებიც აყალბებდნენ ყველაფერს. რაც შეეხება იმას, რომ ოქრუაშვილი ახლა ამბობს, თითქოს არაფერი ჩვენება არ არის, ტყუილია. ეს ჩვენებები არის და მაქვს დისკზე.  ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა 10 თუ 15 წელი ჩაჯდება ადამიანი ციხეში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, აღიარონ დანაშაული. თუმცა, ოქრუაშვილს ამაში არ დავინდობ, მოიხდის წუთი-წუთზე სასჯელს“, – განაცხადა რობაქიძემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულების, ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დაიკითხება ორი მოწმე.

ირაკლი ოქრუაშვილი პროცესს არ ესწრება. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძისა და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.