პროკურორმა დაადასტურა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიხეილ ქარელმა ჩვენება მისცა 
პროკურორმა დაადასტურა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიხეილ ქარელმა ჩვენება მისცა 

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში რჩება. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელსაც ოქრუაშვილი და მისი ადვოკატი არ ესწრებოდნენ.

ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა სხდომის დატოვებამდე პროცესის გადადება ითხოვა ბრალდებულთან პოზიციის ჩამოყალიბების მოტივით, თუმცა მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ ადვოკატმა სასამართლოს დარბაზი დატოვა. პროცესი 10 თებერვლისთვის გადაიდო.

სხდომის გადადების შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ბრალდებულის, ძებნილი ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს. ადვოკატის, სულხან კომახიძის თქმით, ადეიშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს მხოლოდ ორი მოწმე აძლევს, ამ საქმეზე ბრალდებული დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილი პროკურორი ირაკლი წერეთელი და ყოფილი გამომძიებელი ნიქაბაძე.

ამასთან, დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა, დავით ნეფარიძემ დაადასტურა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა მიხეილ ქარელმა (საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში 2004–2007 წლებში), რომელმაც საგამოძიებო უწყებას თავისი ინიციატივით, განცხადებით მიმართა და დაკითხვა ითხოვა.

აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.