ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ბრალდებული ზურა მიქაძე აძლევს
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ბრალდებული ზურა მიქაძე აძლევს, რომელიც 2004 წელს საპატრულო პოლიციის უფროსი იყო.
ზურაბ მიქაძე შემთხვევის დეტალებს იხსენებს. როგორც ის ჰყვება, რაციით შეიტყო, რომ დიდუბის პოლიციის ეკიპაჟი დახმარებას ითხოვდა.
„დახმარების გამოძახებიდან რამდენიმე წუთში გადმოიცა რაციით, რომ ლიპარტელიანი „რიონს“ სასწრაფოს გამოძახებას სთხოვდა. დავურეკე ლიპარტელიანს და ვკითხე, მშვიდობა თუ ჰქონდა. სასწრაფოს გამოძახება ჩემთვის ცუდის მომასწავებელი იყო, ვინაიდან, ორ თვეში ექვსი პოლიციელი იყო მოკლული. სასწრაფოს გამოძახება ჩემთვის პატრულის მკვლელობას ნიშნავდა. ამიტომ ვკითხე ლიპარტელიანს, ვის სჭირდებოდა დახმარება. ჩვენიანი არ არისო. მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი დავინახე, ადგილზე ოთხზე მეტი ავტომანქანა იყო.
საპატრულო პოლიციის ყველა თანამშრომელი დაკავებულებს თავზე ედგა. გაჩერებული იყო დინამოს სტადიონისკენ მუქი ფერის „ბე-ემ-ვეს“ მარკი ავტომანქანა. მოგვიანებით ვნახე, რომ მანქანა წინა მხარეს დაზიანებული იყო. ვკითხე ოცმეთაურს, ვინ იყო დაჭრილი, მან გარდაცვლილ რობაქიძესთან მიმიყვანა და მითხრა, დაჭრილი აღარ არისო. მივედი და პულსი გავუსინჯე. ლიპარტელიანმა დამიდასტურა, რომ სასწრაფო გამოძახებული ჰყავდა. შემდეგ ჩემთან გიორგი ჭანტურია მოვიდა, რომელმაც რევოლვერი მომიტანა და მითხრა, რა გადავრჩით ბატონო ზურა, ნახეთ, პირში ტყვია აქვს და მოკლული ვიქნებოდითო. ავტომატი გადმოგვიღესო და რომ ვკითხე, გარდაცვლილს ჰქონდა თუ არა იარაღი-მეთქი, მან, აბუაშვილმა და კოტორაშვილმა დამიდასტურეს, რომ ჰქონდა. გვკლავდა და რა უნდა გვექნაო. ბაშალეიშვილმა ესროლა და მანქანაში ახლა ცუდად არისო. ლიპარტელიანმაც მითხრა, რომ მასაც იგივე უთხრეს. შემდეგ მითხრეს, ავტომატიც არის და გარდა ამისა, დაკავებაზე არიან გადაცემულიო. გადმოცემული იმ კუთხით, რომ ბევრნი ისხდნენ მანქანაში და შეიძლება შეიარაღებულები იყვნენო. ძირითადად, ჭანტურია ლაპარაკობდა, აღელვებული დადიოდა და აგრესიულად ამბობდა, თქვენ გინდოდათ ხომ ჩვენი მოკვლაო.
რახან დადასტურდა ორმხრივი სროლა და იარაღიც იქ იყო, შევატყობინე მომხდარის შესახებ დანაყოფს, რომელიც გამოძიებას აწარმოებს. დავუკავშირდი ზაზა ბაქრაძესა და გვაზავას, საქმის კურსში ჩავაყენე ხელმძღვანელობა. ეს ყველაფერი ხდება შემთხვევის ადგილზე ჩემი მისვლიდან მაქსიმუმ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ველოდებოდით კრიმინალურ პოლიციასა და პროკურატურის გამომძიებელს. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში სასწრაფოც ვნახე, თუმცა ახლოს არ მივსულვარ. პერიმეტრი შემოღობილი არ ყოფილა, თუმცა უცხო არავინ იყო, პატრულ-ინსპექტორები იყვნენ“, – განაცხადა ზურამ მიქაძემ.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. საქმეზე სასმართლო პროცესები ხუთი წელია რაც მიმდინარეობს. მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთ პირს შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს, ზაზა ბაქრაძესა და დავით იაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.