ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე გირაოთი გათავისუფლდა
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე გირაოთი გათავისუფლდა

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეცვალა და ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

შუამდგომლობა ამის თაობაზე მისმა ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულებამდე დააყენა.

ბრალდებისა და დაცვის მხარეები წარდგენილ შუამდგომლობას დაეთანხმნენ, მოსამართლემ
კი ის დააკმაყოფილა.

ადვოკატმა შუამდგომლობის დაყენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბრალდებულმა ჩვენების მიცემა დაასრულა.

ზაზა ბაქრაძე სასმართლოს ჩვენებას ორი პროცესის განმავლობაში, დაახლოებით 8 საათი აძლევდა.

ბაქრაძის მტკიცებით, 2004 წელს შემთხვევის ადგილი გააყალბეს, მითითებებს კი ბრალდებულები – ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე იძლეოდნენ.

ზაზა ბაქრაძეს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია ედება. ის წლების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, 28 თებერვალს კი უკრაინიდან დაბრუნდა. ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს აღიარებს.

ბაქრაძის თქმით, მან 2004 წლის 24 ნოემბერს ბუტა რობაქიძის მეგობარს ხელყუმბარა პირადად ჩაუდო. მოწმემ ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევის დროს თქვა, რომ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ბრალდებულები ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე ახდენდნენ. მისივე ინფორმაციით, მტკიცებულებების გაყალბებაში მონაწილეობდნენ ასევე დავით იაშვილი და ირაკლი ფირცხალავა.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ახალი გამოძიების პირობებში, ბრალდების მხარე ხუთ პირს – ზაზა ბაქრაძეს, გურამ დონაძეს, ზურაბ მიქაძეს, ირაკლი ფირცხალავასა და და დავით იაშვილს ედავება.