ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ორივე მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ ბოლო წერილობთი მტკიცებულება გამოიკვლია. ეს არის ყოფილი სამართალდამცველის, მაიზერ ლიპარტელიანის ჩვენება.

მაიზერ ლიპარტელიანი დიდუბე-ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის ყოფილი ოცმეთაურია, რომელიც შემთხვევის დროს, ღამე, წერეთლის გამზირზე საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის ყოფილ მსჯავრდებულს გრიგოლ ბაშალეიშვილს. მაიზერ ლიპარტელიანი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მისი ჩვენების წერილობით გამოკვლევა.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები ხუთი წელია რაც მიმდინარეობს. მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთ პირს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს, გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს, ზაზა ბაქრაძესა და დავით იაშვილს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება.

26 ნოემბერს, 12:00 საათზე პროკურატურა საქმეზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.