ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. მხარეებმა ხუთწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს. დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას პროკურატურა წარმოთქვამს.
პროკურორმა დავით ნეფარიძემ დასკვნით სიტყვაში იმ მოვლენებზე ისაუბრა, რაც მისივე თქმით, 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს განვითარდა.
„2004 წელს, 24 ნოემბერს ავტომობილს კახაბერ აზარიაშვილი მართავდა. დიდუბე-ჩუღურეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს ავტომობილი. ავტომანქანიდან გადმოსული პირები პატრულ-ინსპექტორებმა მიიჩნიეს საეჭვოდ. შემდეგ მივიდა მეორე ეკიპაჟი ბაშალეიშვილთან ერთად, რომელშიც იმყოფებოდნენ გადაცემა „პატრულის“ წევრები. შემდეგ სამართალდამცველებმა ხელები ააწევინეს ავტომობილში მსხდომებს, თუმცა არაფერი საეჭვო არ აღმოუჩენიათ. ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა გრიგოლ ბაშალეიშვილს, რომელმაც ამირან რობაქიძე მძიმედ დაჭრა. მომხდარი დანაშაულის შემდეგ სხვა სამმართველოს წევრები მივიდნენ ადგილზე. მათ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და ნახეს, რომ ახალგაზრდებს საეჭვო იქ არაფერი ჰქონდათ. ისიც გაიგეს, რომ ბაშალეიშვილმა გაისროლა.
საბოლოოდ, პოლიციის იმიჯის შელახვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა განიზრახეს ამირან-ბუტა რობაქიძის სრულიად უსაფუძვლოდ დადანაშაულება პოლიციელებისადმი წინააღმდეგობაში. ამ მიზნით განიზრახეს უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდებისთვის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დაედოთ, თითქოს მათგან ამოიღეს.
ამირან-ბუტა რობაქიძეს გვერდზე დაუდეს ცეცხლსასროლი იარაღი. ამის შემდეგ გურამ დონაძის მითითებით გადაიღეს მასალა, რაც გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ინტერვიუში ზურა მიქაძემ განზრახ დაადანაშაულა ისინი პოლიციელებისადმი თავდასხმაში“,- განაცხადა დღევანდელ პროცესზე, დასკვნით სიტყვაში საქმის პროკურორმა.
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთ პირს – გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, ზურა მიქაძესა და დავით იაშვილს ედავება. ბრალდებულებიდან დანაშაულს მხოლოდ ზაზა ბაქრაძე აღიარებს.
პროკურატურის შემდეგ დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს. მოსამართლეს 2018 წლის ბოლომდე აქვს ვადა, რათა ამ საქმეზე განაჩენი გამოაცხადოს.