ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა მიმდინარეობს
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმე ბრალდებულ ზურაბ მიქაძის დასკვნითი სიტყვით გრძელდება.

მან დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა წინა სხდომაზე დაიწყო და დღეს დაასრულებს.

როგორც მიქაძე აცხადებს, უდანაშაულოა და ამას, მისივე თქმით, დაკითხული მოწმეებიც ადასტურებენ.

„არავინ ადასტურებს, რომ ვინმეს უკანონო დაპირება მივეცი. საქმეზე დაკითხული იმ მოწმეების ჩვენებით, რომლებიც ფირზე ჩანან, არც ერთს დაუდასტურებია ვიდეოფირის დამონტაჟება, ან ის, რომ ხელმეორედ მოხდა რომელიმე სცენის გადაღება. არც ერთს არ უღიარებია და არ უთქვამს, რომ დონაძემ მათ იარაღი დაადებინა ადგილზე, რათა კადრები გადაეღოთ“,- განაცხადა ზურაბ მიქაძემ.

ზურაბ მიქაძის დასკვნითი სიტყვის შემდეგ მხარეები რეპლიკებს წარმოთქვამენ, ბრალდებულები სიტყვით ისარგებლებენ და მოსამართლე სათათბიროდ გავა.

დღევანდელი სხდომა თითქმის ხუთწლიანი სასამართლო განხილვის ფარგლებში ბოლო იქნება.

ხუთი ბრალდებულიდან ბრალს მხოლოდ ერთი, ზაზა ბაქრაძე აღიარებს. ის ამბობს, რომ წლების წინ სამართალდამცველებმა მტკიცებულებები გააყალბეს.

გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი კი თავს უდანაშაულოდ ცნობენ. ყველა მათგანს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედება. დღევანდელი სხდომის შემდეგ მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავა.