„ბრითიშ ამერიკან ტობაკოში“ აცხადებენ, რომ ფადი ასლი მათ შესახებ კიდევ ერთი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას აპირებს [ვიდეო]

კომპანია „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ კორპორატიული დირექტორის, ზვიად სხვიტარიძის ინფორმაციით, „საერთაშორისო სამრეწველო პალატის“ თავმჯდომარე ფადი ასლი აპირებს, მათ შესახებ კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს. ამის შესახებ ზვიად სხვიტარიძემ პირველ არხთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

ფადი ასლიმ დღეს გამოაქვეყნა კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც, მისივე მტკიცებით, ხელისუფლებისგან ზეწოლას განიცდიან. ამ ჩამონათვალში „ბრითიშ ამერიკან ტობაკოც“ მოხვდა, რის გამოც, კომპანიის წარმომადგენლები ფადი ასლის დაუკავშირდნენ.

„ფადი ასლისთან გვქონდა სატელეფონო კონტაქტი, რათა მიგვეღო ახსნა-განმარტება. მან ამ კონკრეტულ განცხადებაზე ახსნა-განმარტებები ვერ მოგვცა. მეტიც, გვითხრა, რომ თუ ჩვენ გავაკეთებდით მის საწინააღმდეგო კომენტარს, იმ კუთხით, რომ ეს განცხადება ჩვენთან არ იყო შეთანხმებული, მაშინ გამოვიდოდა რომელიმე ეთერით და იტყოდა, რომ ჩვენ მთავრობა გვაიძულებს მსგავსი განცხადების გაკეთებას. ღიად ვამბობ, თუ ფადი ასლი მსგავს განცხადებას გააკეთებს, ეს იქნება სიცრუე“, – განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

ამასთან, ზვიად სხვიტარიძემ პირველ არხთან დღეს უარყო ფადი ასლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას განიცდის.