ირაკლი კობახიძე - ფადი ასლი თავისით არაფერს წერს, ის არის „ნაცმოძრაობის“ და ფსევდოლიბერალების პროპაგანდისტი, ახმოვანებს ხოლმე იმ გზავნილებს, რომელთა გატესტვაც უნდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“
ირაკლი კობახიძე - ფადი ასლი თავისით არაფერს წერს, ის არის „ნაცმოძრაობის“ და ფსევდოლიბერალების პროპაგანდისტი, ახმოვანებს ხოლმე იმ გზავნილებს, რომელთა გატესტვაც უნდა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“

ვიცით, რომ ფადი ასლი თავისით არაფერს წერს. ის არის „ნაცმოძრაობის“ და ფსევდოლიბერალების ერთ-ერთი გამორჩეული პროპაგანდისტი. აქედან გამომდინარე, ის ახმოვანებს ხოლმე იმ გზავნილებს, რომელთა გატესტვაც უნდა ხოლმე კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა. კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა, გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“

კობახიძის თქმით, ფადი ასლის განცხადება არის უკიდურესად შემაშფოთებელი სატესტო გზავნილი.

„ის პირდაპირ სასწორზე აყენებს ერთ მხარეს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებას და მეორე მხარეს – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დათმობას. როდესაც ასეთი ნარატივის შემოპარებას ცდილობს „ნაცმოძრაობა“, ეს არის კატასტროფული მოვლენა. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, მაგრამ ჩვენთვის არის უმაღლესი ეროვნული ამოცანა მშვიდობიანი გზით  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არავის მივცემთ უფლებას, რომ საზოგადოებას შეაპაროს ასეთი ნარატივი. სასწორზე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დადგება ერთ მხარეს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსი და, მეორე მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის, უბრალოდ, დანაშაულებრივი განცხადებები. ინფორმაცია გამომიგზავნეს იმასთან დაკავშირებით, რომ ასზე მეტმა ფსევდოლიბერალმა „ნაციონალმა“ მოიწონა ფადი ასლის ეს განცხადება, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ აქტიურმა სახეებმა, როგორებიც არიან დავით დარჩიაშვილი, შავგულიძე-ბასილაია თუ რაღაც ასეთი აქტიური „ნაციონალი“, და ერთ-ერთი არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ცოლი, რომელიც წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, რაც არის, უბრალოდ, უბედურება. მათ გამოავლინეს საკუთარი სახე. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მზად არიან, დათმონ აფხაზეთი და სამაჩაბლო კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ. ეს არის, უბრალოდ, კატასტროფა და საზოგადოებამ ძალიან მძიმედ უნდა შეაფასოს ეს განცხადება“, – განაცხადა კობახიძემ.